მაია აზარაშვილის ტალანტი ადრიდანვე შენიშნეს. 18 წლის გოგონა სსრკ-ის უსწრაფეს მორბენლებთან ერთად ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, თუმც პოლიტიკამ სპორტს აჯობა და ვერ წავიდა. მერე მაინც იყო ოლიმპიური კვარცხლბეკი და სხვა ბევრი დიდებული გარბენი – ბევრი მოსახვევი, რომელიც მაია აზარაშვილმა ღირსეულად გაიარა, დღეს კი ჩვენი სტუმარია და ძველ ამბებთან ერთად, ერთი ახალი ამბავიც გვითხრა…

– ქალბატონო მაია, რატომ მაინც და მაინც მძლეოსნობა, როგორ მოხვდით ამ გაუგებრობაში?

– სიმართლე გითხრათ, ჩოგბურთით დავიწყე. ორი წელი ვითამაშე. შემთხვევით მძლეოსნებთან ერთად შეკრებაზე ვიყავით და ბატონმა გოგი გოზალიშვილმა შეამჩნია ჩემი სისწრაფე. შეუჩნდა ჩემს ოჯახს, სანამ მძლეოსნობაში არ გადამიბირა.

– საბჭოთა ნაკრებში ძალიან ახალგაზრდა მოხვდით. 18 წლისას ლოს-ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადა გელოდათ, მაგრამ პოლიტიკური ბოიკოტის გამო, ეს შანსი დაკარგეთ. გული არ დაგწყდათ?

– რა თქმა უნდა.ფიზიკურადაც და ემოციურადაც მზად ვიყავი. მხოლოდ თვენახევრით ადრე გავიგეთ, რომ ამერიკაში არ მივდიოდით…

 – სანაცვლოდ კი სოცქვეყნები „მეგობრობა 84“ და ვერცხლი იყო…

– პრაღაში არანაკლები კონკურენცია იყო მძლეოსნობაში და 4 გარბენში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. თუმცა, არ დამავიწყდება, როგორ გვისტვნეს ჩეხებმა გახსნაზე – საბჭოთა კავშირმა ხომ მათაც წაართვა ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი.

– ყველაზე ძლიერი მეტოქე ვინ გყავდათ?

– მძლეოსნობის ლეგენდები არიან ფლორენს გრიფიტ ჯოინერი და ჰაიკე დრექსლერი. ნაკრებშიც ძალიან ძლიერი გოგონები გვყავდნენ. პატივი იყო მათი მეტოქეობა და იმავდროულად ბედნიერებაც.

– მერე სეულის ოლიმპიადა და ბრინჯაოს მედალი იყო. რამენაირად წაგახალისეს?

– თავიდან 200 დოლარს დაგვპირდნენ, მაგრამ მერე გვითხრეს, ძალიან ბევრი მედლები ავიღეთო და ესეც ვეღარ მივიღეთ. მე ვარკეთილში ოროთახიანი ბინა მომცეს, თუმცა მოგვიანებით სამიანში გადამიცვალეს.

– რატომ ითვლებოდით 200-მეტრიანი დისტანციის ოსტატად?

– გრძელი ფეხების წყალობით მოსახვევის გავლა ადვილია, განსხვავებით ასმეტრიანი სპრინტისგან. ალბათ, ამიტომაც გამომდიოდა.

– დღეს რამდენად ხართ ახლოს ქართულ მძლეოსნობასთან?

– 2010 წელს წამოვედი. ალექსი ახვლედიანი მოიყვანეს ფედერაციის პრეზიდენტად, რომელმაც პროფესიონალებს უტყვი მონები ამჯობინა. ახლა მასობრივი სპორტის ფედერაციას ვხელმძღვანელობ. ერთ კვირაში საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გვაქვს და ჯერ-ჯერობით ერთადერთი კანდიდატი ვარ.