შეგვიშვი, ბიძია: 15 ათასი ევროპამდე

Home აქეთურ-იქითური შეგვიშვი, ბიძია: 15 ათასი ევროპამდე
შეგვიშვი, ბიძია: 15 ათასი ევროპამდე

არის, რომ დაწერის სურვილი არ გაქვს, მაგრამ თავისით გეწერინება. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 28 მარტს ესპანეთთან 15 ათასი კაცი მაინც უქომაგებს – დაახლოებით სიგარეტისა და მზესუმზირის გადაწოდების მანძილზე დასხდომის უფლება მაინც გვექნება.

მერედა, რა ნარჩევი ბიჭები ჩამოვლენ?! ეს თქვენ ამხანაგურობა არ გეგონოთ – ესპანეთი საომრად მოდის და ამ დროს 15 ათასი ქართველის ჟიყინა სახუმარო საქმე როდია. როგორც ბრეჟნევობისას ამბობდნენ, „მადლობა მთავრობას ბედნიერი ბავშვობისათვის“, მაგრამ თქვე დალოცვილებო, ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე რომ მიგეღოთ, არ შეიძლებოდა?!

არადა, უეფა არ იყო წინააღმდეგი, ტრიბუნების 30 პროცენტი შეგვევსო. ახლა არ მითხრათ, ეგ ამბავი საგანგებო შტაბის, ანაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეროგატივა იყოო.

ხელისუფლებაში იმდენი ფეხბურთელი ხართ, რომ მოინდომოთ, ხვალვე მთავრობას დაითხოვთ.

ჰოდა, საიდან დავიწყე? ეგებ ევროპამდე ზუსტად ის 15 ათასი ქომაგი დაგვაკლდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სტადიონზე რომ არ შეგვიშვით?

May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი, people standing, ცეცხლი და ბრბო

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".