ჟოან ლაპორტას „ბარსელონას” პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ყველაფერი, რაც ამ კლუბზე იწერება ყურადღების ცენტრშია. ასე მაგალითად, „ბლაუგრანას” ყოფილმა მოთამაშემ, ფრანგმა ვარსკვლავმა ტიერი ანრიმ ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, ერთ მშვენიერ დღეს „ბარსას” მწვრთნელად სიამოვნებით ვიმუშავებდიო და მისი ეს ნათქვამი დღეს მთელს ესპანეთს მოედო.
„მე ჯერ ვსწავლობ, ყველაფერს კი დრო გვაჩვენებს. მინდა თუ არა რომ ოდესმე „ბარსელონას” ჩავუდგე სათავეში? რასაკვირველია მინდა”, — თქვა ლონდონის „არსენალის” ლეგენდამ.
რომ წარმოიდგინოთ, თუ რას ნიშნავს FourFourTwo-ს ინტერვიუ, გეტყვით, რომ როგორც წესი ეს არის ვრცელი საუბარი მთისა და ბარის შესახებ, რომელსაც ჟურნალის ნომრის გამოსვლამდე კარგა ხნით ადრე იწერენ. ამიტომ, სავარაუდოდ, ანრის ნათქვამი „ბარსელონას” მწვრთნელობის შესახებ იმდროინდელია, როდესაც ლაპორტა ჯერ კიდევ კანდიდატი იყო და მის გაპრეზიდენტებასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. ერთი სიტყვით, FourFourTwo არ არის ყოველდღიური გაზეთი ან ინტერნეტ-საიტი, რომელიც მიმდინარე ინფორმაციის, ეგრეთწოდებული „მზესუმზირის მარცვლების” მოპოვებაზეა გამეცადინებული.
ციტატები იმავე ინტერვიუდან: „მინდა თუ არა კვლავ ვითამაშო „არსენალში”? დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ ვიცი, რომ ვერ შევძლებ”.
ტიერი ანრი, რომლის ნათქვამი „ბარსას” მწვრთნელობის შესახებ თვით კატალონიაშიც ბევრმა გადაბეჭდა, 2018-19 წლებში „მონაკოს” წვრთნიდა, სადაც ცუდი შედეგები ჰქონდა. შემდეგ, ის კანადაში წავიდა და „მონრეალ იმპაქტს” ჩაუდგა სათავეში, სადაც შედეგები კი ჰქონდა კარგი, მაგრამ პირადი მიზეზების გამო მოუხდა კლუბიდან წასვლა. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში, 2016-18 წლებში კი დიდმა ფრანგმა ფორვარდმა ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტობა გასწია.
„ამ სფეროში წარუმატებელი რომ ვიყო, მუშაობის ახალ-ახალი შესაძლებლობები არ მექნებოდა. მე უბრალოდ ვაკონტროლებ იმას, რისი კონტროლიც შემიძლია, დანარჩენი კი უტოპიაა.
თუ შემეკითხებით, ვისურვებდი თუ არა ერთ მშვენიერ დღეს „არსენალის” გაწვრთნას, გიპასუხებთ, რომ რასაკვირველია ვისურვებდი. თუ შემეკითხებით, ვისურვებდი თუ არა, ერთ დღეს „ემირეით სტადიონზე” ბალახის კრეჭას, კვლავ გიპასუხებთ, რომ დიახ, ვისურვებდი. მე „არსენალი” სისხლში მაქვს. მე ამ კლუბის ფანი ვარ”.