„ბარსელონამ” კვლავ შეძლო ეს! ეს გახლდათ ესპანეთის სამეფო თასზე მესამე შემთხვევა, რომელიც „ბლაუგრანამ” დამატებით დროში გადაიყვანა — ვეტერანმა ჟერარდ პიკემ, 94-ე წუთზე, თავური დარტყმით ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში 2:2 გახადა.

„ბარსას”, ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, „სევილიასთან” 0:2 ჰქონდა წაგებული. საპასუხოში მასპინძელთა პირველი გოლი, მე-12 წუთზე, ოსმან დემბელემ გაიტანა. ეს იყო ძალიან ლამაზი ეპიზოდი, რომელსაც ვიდეოზე გთავაზობთ. მეორე, დრამატული გოლი კი, როგორც გითხარით პიკემ შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ უშანსოდ არც „სევილია” იყო. მას თამაშის მოკვლა შეეძლო: 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერაც 1:0 იყო, სტუმრებს პენალტის დარტყმის საშუალება მიეცათ, მაგრამ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლუკას ოსკამპოსს აუღო.

„ბარსელონას” სასიკეთოდ პიკეს გოლამდე ორი წუთით ადრე მსაჯმა სტუმრებს ფერნანდო გაუგდო მოედნიდან.

სათასო ბედის ტრიალს ვიპ-ლოჟიდან თვალს ადევნებდნენ „ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატები ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა. ამ სამიდან ერთი, კვირას, კლუბის მმართველის სავარძელს მოირგებს და სამეფო თასის ფინალის დღეს, 4 აპრილს, „ბლაუგრანას” მთავარი კაცის რანგში, პირველი ჯილდოს მოლოდინით იქნება შეპყრობილი.

„სევილიას” კარში კი გამარჯვების გოლი მარტინ ბრაითვაიტმა გაიტანა. მისი თავურის შემდეგ სტუმრებს მდგომარეობის გამოსწორების იხტიბარი აღარ ჰქონდათ. პრინციპში, იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც ჟიულ კუნდემ სცადა ბედი, მაგრამ ბურთს ტერ შტეგენი დახვდა ყოჩაღად.

მეორე ფინალისტის ვინაობა კი ამაღამ, „ლევანტესა” და „ბილბაოს” შეხვედრაში გაირკვევა. ჯერჯერობით, მათ შორის 1:1-ია.