მაურისიო პოჩეტინომ პარიზელები „კამპ ნოუზე” ავარჯიშა

დღეს, 1440 დღის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენი” ბრუნდება „კამპ ნოუზე” ანუ იქ, სადაც 50 წლიანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული საღამო დაატყდა თავს. მაშინ, პარიზელები ბარსელონაში ამაყად ჩავიდნენ, შინ 4:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ… 1:6 წააგეს და გავარდნენ. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების გათამაშების მერვედფინალი. ის შეხვედრა „ლა რემონტადას” ანუ დაბრუნების სახელით შევიდა ისტორიაში, თუმცა, შემდეგ, მეოთხედფინალში კატალონიელებსაც დაუცდათ ფეხი — მათ „იუვენტუსმა” აჯობა (3:0; 0:0), თასი კი საბოლოოდ „რეალმა” მოიგო.

დღეს, პარიზელებს, „ბარსაში”, ოთხი წლის წინანდელი ნაცნობებიდან შვიდი კაცი დახვდებათ, თუმცა, რასაკვირველია, შვიდივე მოედანზე ვერ იქნება.

ჩამოვთვალოთ: ლეო მესი, ჟერარდ პიკე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და სერხიო ბუსკეტსი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც, თუ ტრავმამ საშუალება მისცათ, აუცილებლად ძირითადში არიან. სამუელ უმტიტისა და მაშინდელი მეექვსე გოლის ავტორ სერხი რობერტოს ძირითადში თამაში გარანტირებული არ აქვთ. პლუს, სერხი რობერტო დაშავებულია.

ჟორდი ალბა 6:1-ს სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა, დღეს კი, სავარაუდოდ, მოედანზე იქნება.

2017 წელს, განსაკუთრებით კარგად ითამაშეს მესიმ და ტერ-შტეგენმა. მესიმ თავისი გოლი პენალტით გაიტანა, გერმანელმა მეკარემ კი ფანტასტიკურად მოიგერია პარიზელთა დარტყმები. გამორჩეულები იყვნენ აგრეთვე უმტიტი, ბუსკეტსი და პიკე.

იმ შეხვედრაში „ბლაუგრანას” მწვრთნელმა ლუის ენრიკემ აგრეთვე ათამაშა ორი ფეხბურთელი, რომლებიც დღეს „პარი სენ ჟერმენში” არიან — ნეიმარი და რაფინია.

ნეიმარი, რომელიც დაშავებულია და ამ საღამოს კატალონიელთა გასახარად ვერ ითამაშებს, „ლა რემონტადას” მთავარი გმირი იყო. მან ორი გოლი გაიტანა, ერთი პენალტი მოინადირა და მეექვსე, საბედისწერო ეპიზოდში საგოლე პასი შეასრულა.