მიუნხენში, „ალიანც არენაზე”, „ბაიერნსა” და ბიელეფილდის „არმინიას” შორის ნამდვილი სიგიჟე გაიმართა. „შპორტ ბილდმა” ისიც კი დაწერა, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო თამაში იყოო. ალბათ, დრამატულს გულისხმობდა. საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე მასპინძლები 2:3-ს აგებდნენ და რომ არა ალფონსო დევისის საჯარიმოში შევარდნა, სადაც კანადელმა მისკენ გადმოვარდნილ ბურთს მთელი ძალით დასცხო მარცხენა ფეხი, ვინ იცის რა მოხდებოდა.
თამაშის დაწყების წინ, მიუნხენის ცნობილი საფეხბურთო სტადიონი ზამთრის სახეობათა სარბიელს დაემსგავსა. ისეთი მსხვილი ფანტელები მოდიოდა, რომ გარშემო ყველაფერი გადათეთრდა. მოედანს ხაზები რომ დატყობოდა, ორგანიზატორებს ორგზის წვალება დასჭირდათ.
„არმინიას” 33 წლის თავდამსხმელი ფაბიან კლოსი: „თოვლში ჩვენთვის გაცილებით იოლი იყო. ბოლოს და ბოლოს კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებოდით”.
ზემოთ, რომ სიგიჟე ვახსენეთ, მე-16 ადგილზე მყოფმა ბიელეფილდელებმა განაპირობეს. ბუნდესლიგაში ახალდაბრუნებულები დაცვაში კი არ ჩაიკეტნენ, ვაჟკაცურადაც შეუტიეს და მათმა სამმა ფეხბურთელმა გერმანული საკლუბო იერარქიის უმაღლეს საფეხურზე თავისი პირველი გოლი გაიტანა: ჰოლანდიელმა მიხელ ვლაპმა, რომელიც „ანდერლეხტიდან” „არმინიაში” ნაახალწლევს გადაბარგდა, ანგარიში გახსნა; მეორე გოლი გერმანელმა მცველმა ამოს პიეპერმა შეაგდო, ხოლო ავსტრიელმა კრისტიან გებაუერმა ანგარიში 3:1 გახადა.
პიეპერი: „პირველ ტაიმში ვგრძნობდით, რომ ყველა მნიშვნელოვან ორთაბრძოლას ვიგებდით. ორი მომენტი შევქმენით და ორივეჯერ გოლი გავიტანეთ. საბოლოოდ ქულა მოვიპოვეთ, რაც კარგია”.
„ბაიერნზე” კი რა შეიძლება ითქვას, ჩემპიონმა პირველი ტაიმი სუსტად ჩაატარა. სამაგიეროდ, მეორეში გამოფხიზლდა.
„რეკორდმაისტერიდან” გოლები გაიტანეს პოლონელმა ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმ (48-ე წუთზე), ფრანგმა ნახევარმცველმა კორენტენ ტოლისომ (57) და ზემოთ უკვე ნახსენებმა 20 წლის კანადელმა ალფონსო დევისმა (70).
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბავარიელებს 8 ფეხბურთელი აკლდათ, რომელთაგან მოედანზე მხოლოდ იოშუა კიმიხი შევიდა, მაგრამ ამ დროისთვის ინიციატივა უკვე მასპინძლებისა იყო.
„ბაიერნის” კამერუნელი თავდამსხმელი ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგი: „ბიელეფილდი გაბედულად გვეთამაშა. ამინდმა ყველაფერი გააფუჭა, მაგრამ საკადრისი მენტალიტეტი გამოვამჟღავნეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. ასეთ პირობებში 3:3 ნორმალურია”.