გერმანიის თასზე სენსაცია მოხდა — „ბაიერნი” მეორე ბუნდესლიგის „ჰოლშტაინ კილმა” დაამარცხა და შეჯიბრებიდან გამოთიშა. ეს გახლდათ მეთექვსმეტედფინალი. „რეკორდმაისტერი” ასეთ ადრეულ ეტაპზე 2000-01 წლების სეზონის შემდეგ არ გამოვარდნილა. მიუნხენის გუნდი მაშინაც პენალტების სერიაში დამარცხდა, „მაგდებურგთან”.

მარცხმა ბავარიელები ისე გაამწარა, რომ თომას მიულერი, თამაშის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტ ქალს, 45 წლის ვალესკა ჰომბურგს შეეპასუხა.

31 წლის თავდამსხმელმა თავი იმიტომ ვერ შეიკავა, რომ ჰომბურგმა, მიულერის აზრით, გაიცინა.

ფეხბურთელსა და ჟურნალისტს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

მიულერი: — რას ვფიქრობ? თქვენ ახლა იცინით…

ჰომბურგი: — მე არ ვიცინი. მე ამას ვუყურებ, როგორც…

და აქ, მიულერმა რეპორტიორს სიტყვა არ დაასრულებინა, რაც გერმანული ნორმებისა და წესრიგისთვის უჩვეულო რამაა.

მიულერი: — რასაკვირველია, იცინოდით.

საბოლოოდ, ჰომბურგმა, რომელიც მსხვილ მაუწყებელ ARD-ში 2001 წლიდან მუშაობს, ინტერვიუს გაგრძელება შეძლო.

ჰომბურგი: — „ბაიერნი” შეჯიბრებას ასე მალე დიდი ხანია არ გამოთიშვია. ხომ არ ყოფილა (სავარაუდოდ, იგულისხმება გასახდელში) ამისი ახსნის რაიმე მცდელობა?

მიულერი (რომელმაც ამასობაში თავი ხელში აიყვანა): — არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, შესაბამისი განწყობაა. ძალიან გაწბილებულები ვართ, რაც ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის. ასეთ გუნებაზე ყოფნაში კარგი…

ჰომბურგი: — …არაფერია, ხომ? გმადლობთ, გულწრფელობისთვის.

მიულერი: — გმადლობთ.

ასეთი იყო გერმანიისთვის უჩვეულო ინტერვიუს დასასრული, რომელმაც აგრეთვე აჩვენა, რომ „ბაიერნში” წაგებას მტკივნეულად განიცდიან.

„ჰოლშტაინ კილისა” და „ბაიერნის” შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. „რეკორდმაისტერი” ორჯერ იგებდა, მაგრამ 90+5 წუთზე მასპინძლებმა გაათანაბრეს, შემდეგ კი პენალტებით გაიმარჯვეს კიდეც.