რა დროს ესაა და ყოველთვის რომაა ამის დრო, იმაზეა საუბარი…
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სიყვარული ის თემაა, ზამთარ-ზაფხული და შვებულება რომ არ იცის.
შემოდგომიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრები უთავოდ დარჩა. ვლადიმირ ვაისმა ევროფეხბურთის ფსკერი რომაა, იქ კი გაგვახარა ერთი-ორჯერ, მაგრამ შემოდგომით ისეთი ალიყური ააწნა ქართული ფეხბურთის ქომაგთა თავმოყვარეობას, კარგა ხანი რომ დაგვაჩნდება. რაც არის, არის – წასულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. განსაკუთრებით უდროო დროს წასულებზეა საუბარი.
No description available.ვაისი საქართველოს ნაკრებიდან დროულად, მეორე კონტრაქტამდე რომ წასულიყო… თუმცა, რაღა დროსია…
ახლა უდროოდ მოსულზე ვთქვათ. უფრო სწორად, დროულად ჯერარმოსულზე.
ფეხბურთის ფედერაციიდან ჩქამიც არ ისმის, ორ თვეში კი ისეთი შესარჩევი ციკლი გვეწყება, სომხეთი და მაკედონიის კომპასით საძებარი ნაწილი სანატრელი გაგვიხდება.
25 მარტი. შვედეთი-საქართველო
28 მარტი. საქართველო-ესპანეთი
31 მარტი. საბერძნეთი-საქართველო
ეს მხოლოდ გაზაფხულზე და მხოლოდ 6 დღეში!
და ერთა თასი? ამხანაგურები? შემოდგომის ციკლი? ვის იწვევთ ასეთს საქართველოს ნაკრებში, რომ გუნდი 6-8 კვირაში კონკურენტუნარიანი გახადოს?
ან ფეხბურთელების ნახვა ხომ უნდა მოასწროს, ან მათი ინდივიდუალური მონაცემების საფუძველზე გუნდის ხერხემალზე და ტაქტიკაზე ფიქრი?
თუ მოურინიუსთან ან კლოპთან მართავთ მოლაპარაკებას, არც ეგ დაგვიმალოთ.
ქართული ფეხბურთი თქვენზე ნაკლებად არ გვიყვარს, დალოცვილებო და ჩაგვთვალეთ ხალხად.
რატომ უნდა ვიცოდე სამი თვით ადრე „სასუოლოს“ გეგმები და ჩემი ნაკრების მთავარ მწვრთნელს მატჩის წინა დღემდე მიმალავდნენ?
ბიჭებო, ფედერაციის სათავეში! კარგი ფეხბურთი იცით, მაგრამ თუკი თვლით, რომ ფეხბურთის ყველა კუთხე-კუნჭულში დამოუკიდებლად გაერკვევით, ეგებ მწვრთნელობაც ითავოთ ვინმემ, უფასოდ და ქველმოქმედების ამბავში.
გასული შემოდგომის შემდეგ ვაისის სადარ მწვრთნელში ასობით ათასი ევრო შვედეთ-ესპანეთ-საბერძნეთთან მატჩების წინ აშკარად ბევრია..