დღეს, „ბაიერნი” მიონხენგლადბახში თამაშობს. ეს გახლავთ მე-15 ტურის შეხვედრა. „რეკორმაისტერი” 33 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „გლადბახს” 21 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიცია უჭირავს.
მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ბავარიელთა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელის დამატებას არ აპირებს.
„მთელს მსოფლიოში, ფეხბურთის კლუბები რთულ დღეში აღმოჩნდნენ. ეს კორონაპანდემიამ განაპირობა. ამიტომაც არ ვამბობ, რომ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება. პირიქით, მომჭირნეობის მომხრე გახლავართ. ჩვენ სეზონის ბოლომდე იმ გუნდს დავეყრდნობით, რომელიც ახლა გვყავს”.
შემოსავლის შემცირების შესახებ ილაპარაკა „ბაიერნის” შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემაც. მან ეს უმაყურებლობით ახსნა. მას მერე, რაც მსოფლიო covid 19-მა მოიცვა, მატჩები ცარიელი ტრიბუნების წინ ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბილეთები აღარ იყიდება და ფულიც ნაკლებია.
ფლიკს 32 წლის ხავი მარტინესისა და 19 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელის იოშუა ზირკზეს სავარაუდო წასვლის შესახებაც ჰკითხეს. მან უპასუხა:
„მე ვიცი, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ისინი ჩვენთან ითამაშებენ. წასვლის შესახებ არც ერთისგან მსმენია რაიმე და არც მეორესგან, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება”.
და ბოლოს, ფლიკმა თქვა, რომ მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილია:
„ჩვენ მაღალი კლასის შემადგენლობა გვყავს. ვერც იმის საფრთხეს ვგრძნობ, რომ „ბაიერნის” მიზნებს რაიმე ემუქრება. უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ განვითარების ყველა პირობა არსებობს და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ”.