2000 წლის 29 ივნისს ჰოლანდიაში გახლდით, „ამსტერდამ არენაზე“, დღეს იოჰან კრუიფის სახელს რომ ატარებს. მაშინ, სულ ოთხი წლის აშენებული იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს მასპინძლობდა: ჰოლანდია იტალიას ხვდებოდა. მახსოვს, ნაგებობამ შთაბეჭდილება მოახდინა — ტრიბუნები ადგილობრივი არქიტექტურის კანონთა შესაბამისად, ლამის ვერტიკალურად ადიოდა მოედნის კიდიდან ზედა რიგებისკენ. ბილეთს დავხედე, მერე მაღლა ავიხედე და ვიფიქრე, ჩემს ადგილზე ასვლას მიშა ხერგიანი სჭირდება, მეთქი, მაგრამ ასეც არ ყოფილა საქმე. ავედი. საერთოდ, ჰოლანდიელებს მაღალი კიბეები უყვართ, ციცაბო და ვიწრო. ეგენი ხმელეთის თითოეულ მეტრს უფრთხილდებიან, რადგან ზღვა უტევთ.

ტიფოზები მათი ნაკრების ყველა მწვრთნელისგან კატენაჩოს ითხოვენ

ავედი და ისეთ სექტორში მოვხვდი, რომლის მერეც იტალიელები ისხდნენ. აი, ერთი გუნდის გულშემატკივრებს აქეთ რომ გამოუყოფენ ხოლმე ადგილებს, მეორე გუნდისას კი იქით. თუმცა, რაღა იქით… მეორე გუნდი ხომ მასპინძელი იყო და, ამიტომ, ტრიბუნები ძირითადად ნარინჯისფერი გახლდათ. მოკლედ, ჩემგან მარცხნივ, რამდენიმე სექტორში ლურჯმაისურიანი, შავგვრემანი ხალხი ისხდა, სხვები კი ნარინჯისფერები და ქერები იყვნენ. ჰოდა, ამ ლურჯმაისურიან შავგვრემან ხალხს ერთი უზარმაზარი პლაკატი ჰქონდათ მოტანილი. ზედ ეწერა: solo catenaccio!

არ დაგიმალავთ, შევცბი! საქართველოში ბავშვობიდან შეტევის განდიდებას ვარ დაჩვეული და მეგონა, რომ ყველგან ასე იყო. აი, მაგალითად, ჩვენთან საიდუმლოს შენახვა ხომ ვაჟკაცობად ითვლება და უცბად, რომელიმე ქვეყანაში, დიდი ბანერი რომ დაინახოთ წარწერით: მხოლოდ დაბეზღება! კი ბატონო, მთლად ზუსტი მაგალითი არ გამომივიდა, მაგრამ ჩემი გაკვირვების წამი თუ ავღწერე, კარგია. არადა, თავადაც „სკუადრა აძურასკენ“ ვიყავი. ცოდვა გამხელილი სჯობს: იმ დღეს ვინერვიულე. დრამატული თამაში გამოვიდა და მინდოდა იტალიელებს მოეგოთ. მაგრამ, ეს solo catenaccio გონებაში ჩამებეჭდა.

მხოლოდ კატენაჩო! ანუ, ჯერ დაცვა და შეტევა მხოლოდ ამის მერე! და ეს რომელიმე წარბებშეკრული მწვრთნელის სურვილი კი არ იყო, ამას ტრიბუნიდან ხალხი ითხოვდა. ესეც შენ კულტურათა შორის სხვაობა. ესეც შენ სხვადასხვა მენტალიტეტი, ფილოსოფია, ხედვა…

იტალიელები ის ხალხია, ვინც ფეხბურთში კი არა, მაფიაში გაანაწილა ფუნქციები, შეიმუშავა ტაქტიკა და სტრატეგია. „კოზა ნოსტრას“ ტიპიური სტრუქტურა ასეთია: არის ბოსი — კაპოფამილია, რომელსაც ჰყავს ერთი ან რამდენიმე მრჩეველი — კონსილიერე, ერთი მოადგილე — სოტო კაპო, რომელსაც ექვემდებარება რამდენიმე ათმეთაური — კაპორეჯიმე, რომლის დაქვემდებარებაშიც შედიან ჯარისკაცები, ხშირად ზუსტად ათ-ათი. ეს ხალხი საათის მექანიზმივით მოქმედებს. და თუ ადამიანთა კარგად ორგანიზებული ჯგუფის ყურება გსიამოვნებთ, მაშინ შეუძლებელია, იტალიური ფეხბურთი არ გიყვარდეთ, თუნდაც მას საფუძვლად (თავის დაზღვევის მიზნით ვთქვათ, რომ სამოციანი წლების მერე) solo catenaccio ედოს.

მე კარგი იტალიური ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩვიდმეტი წლის წინ, „ამსტერდამ არენაზე“, იმ პლაკატის დანახვაზე მაინც შევცბი. რას იზამ, გარემო, სადაც ბავშვობიდან იხარშები თავისას შვრება.

ახლა კი, აგერ, რამდენიმე დღის წინ, იტალიის ნაკრები საერთოდ ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე. რა მოხდა? არიგო საკიმ თქვა, კულტურული პრობლემა გვაქვსო. მსოფლმხედველობა, მენტალობა იგულისხმა.

მიაქციეთ ყურადღება ჯორჯო კიელინის ინტერვიუს შვედებთან პირველი თამაშის წინ? თითქოს საკუთარ გუნდს თავზე დასჩხავლაო, მაგრამ შენ ჩხავილი ეძახე და რაც თქვა ნამდვილად საინტერესო იყო. მოდი, ციტატა მოვიტანოთ:

„იტალიური დაცვა „გვარდიოლიზმმა“ დააქცია. დღევანდელმა მცველებმა იციან როგორ მისცენ თამაშს ტონი, როგორ გაათამაშონ ბურთი, მაგრამ თავიანთი კაცის დაჭერა ავიწყდებათ. ეს ცუდია, რადგან ჩვენს დნმ-ს ვკარგავთ. ვკარგავთ იმ თვისებებს, რომელთა წყალობით სხვებს ვჯობდით. ახალგაზრდა რომ ვიყავი, დაუსრულებლად გვავარჯიშებდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა მივკერებოდით ჩვენს კაცს, არ დაგვეკარგა ის სხვადასხვა სიტუაციაში. იტალიელები ვერასოდეს ვითამაშებთ ესპანურ ტიკი-ტაკას, რადგან ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილი არ არის“.

ანდრეს ინიესტა იტალიელი მცველების გარემოცვაში

რა გამოდის? ბოლო წლებში, გვარდიოლასეული „ბარსელონას“ წაბაძვით იტალიელმა მწვრთნელებმა უღალატეს solo catenaccio-ს პრინციპს და თვალი მათთვის უცხო ტიკი-ტაკასკენ გაექცათ? მაშ, მართლა კულტურული კრიზისი ყოფილა, მსოფლმხედველობის პრობლემა.

არადა, ჩემსავით ძველებს ეხსომებათ ენცო ბერაზოტის „სკუადრა აძურა“ — დინო ძოფი, კლაუდიო ჯენტილე, გაეტანო შირეა, ანტონიო კაბრინი, ბრუნო კონტი, მარკო ტარდელი, ჯანკარლო ანტონიონი, ფრანჩესკო გრაციანი, პაოლო როსი, ფრანკო კაუზიო, ალესანდრო ალტობელი და… ნაღდი იტალიური ფეხბურთი. ძალიან მაღალი დონის.

solo catenaccio ბიჭებო!