ორი მოჰამედი: სალაჰი და აბუტრიკა

ვითომ? მოჰამედ სალაჰის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს, ეგვიპტის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს მოჰამედ აბუტრიკას უთქვამს, მომ მითხრა, რომ „ლივერპულში” აწყენინეს და გააბრაზესო. დგას ახლა ინგლისის ჩემპიონი, აგორებულ ჭორებს აქარწყლებს და აცხადებს, სალაჰის გაყიდვაზე ლაპარაკიც არ არისო.

გაყიდვის შესახებ: აბუტრიკას უთქვამს, მერსისაიდელები მოჰამედის გაყიდვით ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას აპირებენო.

კიდევ კარგი, ორშაბათს, სალაჰმა ამ ყველაფრის პასუხად სოციალურ ქსელში თავისი გაბადრული ფოტო დადო. ინგლისურმა პრესამაც გაიკითხ-გამოიკითხა და ვერსად ჰპოვა ნიშანი იმისა, რომ იურგენ კლოპი ან კლუბის ხელმძღვანელობა თავიანთი გოლების მანქანის გაშვებას აპირებენ.

სალაჰისა და „ლივერპულის” ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში.

თუმცა, არის ერთი ნიუანსი: ესპანეთში მიცემულ ინტერვიუში სალაჰმა თქვა, რომ მომავალში სიამოვნებით მოისმენდა ლა ლიგის კლუბებისგან შემოსულ წინადადებებს. ამას კი დაემატა აბუტრიკას საუბარი beIN Sport-თან, სადაც მან მთელი არაბული სამყაროს სათაყვანებელი ვარსკვლავის შესახებ ასე თქვა:

„მე დავურეკე სალაჰს, „ლივერპულში” მისი მდგომარეობის შესახებ ვკითხე. მან მიპასუხა, რომ გულნატკენია, მაგრამ ეს მოედანზე არასდროს გამოჩნდება.

ვიცი, რომ სალაჰი „ლივერპულში” ბედნიერი არ არის. მან მიზეზებიც მითხრა, მაგრამ საიდუმლოა, რომელსაც ვერ გავთქვამ. საჯაროდ ვერ მოვყვები.

მისი გაბრაზების ერთ-ერთი მიზეზი, მაგალითად, ის იყო, რომ ის „მიდტიულანდთან” შეხვედრაში კაპიტნად არ დანიშნეს”.

შეგახსენებთ: ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელიც 9 დეკემბერს დანიაში გაიმართა (1:1; ანგარიში პირველ წუთზე მო სალაჰმა გახსნა) და იმ დღეს კლოპმა კაპიტნის სამკლავური ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ჩააბარა.

თუმცა, აშკარაა, რომ მარტო ეს ერთი მიზეზი კლუბიდან წასვლისთვის საკმარისი არ არის, მითუფრო, რომ მო სალაჰის ოჯახი ლივერპულში კარგად არის მოწყობილი და დალაგებული ცხოვრების არევა წვრილმანის გამო სწორი არ იქნებოდა.

ამასწინათ, მო სალაჰი აფრიკის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ნაკრების თერთმეტეული ასეთი გახლდათ: ვინსენტ ენიეამა (ნიგერია) – რიგობერტ სონგი (კამერუნი), სემი კუფური (განა), ლუკას რადებე (სამხრეთ აფრიკა) – სადიო მანე (სენეგალი), იაია ტურე (კოტ დ’ივუარი), მიკაელ ესიენი (განა), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) – ჯორჯ ვეა (ლიბერია), დიდიე დროგბა (კოტ დ’ივუარი), სამუელ ეტოო (კამერუნი).