თბილისის „დინამომ“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – გიორგი ნემსაძე, რომელსაც ამავე გუნდში ფეხბურთელადაც უთამაშია და სპორტულ დირექტორადაც უმუშავია.
ნემსაძე გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარადგინა. ცნობილია კონტრაქტის ხანგრძლივობაც: 1+1.
„ჩისკო მუნიოსს ვულოცავ „უოტფორდში“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნას და წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება ჩემს დანიშნვას, დამიჯერეთ, კარგად ვიცი რა ტრადიციების გუნდშიც ვარ. „დინამოს“ ხელმძღვანელობას ამ შემოთავაზებისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. ეს დიდად საპასუხისმგებლო პოსტია. კარგად ვიცი ხელმძღვანელობისგან და გულშემატკივრისგან რა დაკვეთაცაა. რაც შეეხება „დინამოს“ მიზნებს – ყველაფერი უცვლელია. მომავალ სეზონში – ჩემპიონატში და თასზე გამარჯვება. თუ რაიმე ისტორიულ ფურცელს გადავშლით, რა თქმა უნდა სასიხარულო იქნება და ჩვენც ამისაკენ ვისწრაფვით.
მთავარი პრიორიტეტი გუნდში ახალგაზრდების ინტეგრაცია იქნება, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით რა დონის აკადემია აქვს „დინამოს“. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრების ძირითად ნაწილს „დინამოს“ ფეხბურთელები წარმოადგენენ. ეს რესურსი ჩვენი კლუბის სასიკეთოდ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ნემსაძემ.
შეგახსენებთ, რომ გია ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერა საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებში დაიწყო. შემდეგ იყო თბილისის „შევარდენი“ და გორის „დილა“ და აგერ, ახლა ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი, სადაც პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს გადადგა.