„პარი სენ ჟერმენმა” წუხელ „ლიონთან” 0:1 წააგო, მაგრამ ეს ამბავი დაჩრდილა თამაშის მიწურულს, მსაჯის წამატებულ მე-6 წუთზე, ნეიმარის ტრავმამ, რომელიც სერიოზული ჩანდა. დანარჩენი კლინიკაში გამოჩნდება.

შეხვედრის მსვლელობისას ბრაზილიელის წინააღმდეგ მეტოქეებმა ექვსჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. მეექვსედ და ყველაზე მეტად ნეიმარის თანამემამულემ და თანატოლმა, 28 წლის ტიაგო მენდეშმა იუხეშა.

მსაჯმა ბენუა ბასტიანმა მენდეშს თავიდან ყვითელი ბარათი ამოუღო, მაგრამ, როდესაც ეპიზოდი მოედნის კიდესთან დაყენებულ მონიტორზე ნახა, ყვითელი წითლით შეცვალა.

14 ტურის შემდეგ „ლიონი” 29 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „პარი სენ ჟერმენი” 28 ქულით მესამეზე დაქვეითდა.

ცხრილის სათავეშია „ლილი”, რომელსაც „ლიონის” ტოლად 29 ქულა აქვს, მაგრამ მდევარს ბურთების სხვაობით სჯობია.