„არსენალმა” „ბარნლისთან” შინ, „ემირეითზე”, 0:1 წააგო, პატრის ევრამ კი მოყვა ისტორია, თუ როგორც გამორთო ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ტელევიზორი, როდესაც დაინახა, რომ მის სათაყვანებელ „მეთოფეებს” გრანიტ ჯაკა კაპიტნობდა.

ჯაკაზე სიტყვა იმიტომ ჩამოვარდა, რომ „ბარნლისთან” შეხვედრაში, ის მოედნიდან გააგდეს. შვეიცარიის ნაკრებში მოთამაშე ალბანელმა თავიდან დუაიტ მაკნილთან ორთაბრძოლისას ჩვეულებრივი ყვითელი მიიღო, შემდეგ კი ეშლი ვესტვუდს ყელში სწვდა, რის გამოც, ცხადია, წითელი აუფრიალეს.

შეგახსენებთ, რომ ჯაკა ერთიხანობა „არსენალის” კაპიტანი იყო, მაგრამ ერთხელ, 2019 წლის 27 ოქტომბერს, როდესაც „კრისტალ პალასთან” ცუდად ითამაშა, შეცვალეს და ტრიბუნებიდან ტრადიციული ინგლისური „ბუუ” მოესმა, ფანებს ირონიული ჟესტით უპასუხა და ერთი ლაზათიანი f*** off-იც მიაძახა, რის შემდეგაც სამკლავური პიერ-ემერიკ ობამეიანგს გადაეცა.

ამის მიუხედავად, ჯაკა „არსენალში” რჩება და კვირაში 100 000 გირვანქას იღებს.

ანრი კი გარდა იმისა, რომ „მეთოფეებს” ორი წელიწადი კაპიტნობდა, 8 წელიწადი ერთგულად ემსახურა კლუბს და თვით ჩრდილოლონდონელთა საყვარელ თავდამსხმელ იან რაიტს ჩამოართვა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა.

პატრის ევრა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ასევე 8 წელიწადი თამაშობდა „არსენალის” მეტოქე და იმხანად მოქიშპე „მანჩესტერ იუნაიტედში”, თუმცა, იმავდროულად, ის და ანრი საფრანგეთის ნაკრებში გამოდიოდნენ ერთად. ევრა ინგლისში, „სქაი სპორტის” სტუდიაში, „არსენალის” და „ბარნლის” თამაშის გასარჩევად იყო მიწვეული და იქ მოყვა:

„რაკიღა ჯაკაზე ვლაპარაკობთ, ერთ ისტორიას გიამბობთ. ერთ დღეს, ტიერი ანრიმ შინ დამპატიჟა. მითხრა: მოდი პატრის, „არსენალის” თამაში ერთად ვნახოთ. მივედი. მან ტელევიზორი ჩართო და პირველი, რაც ეკრანზე დაინახა გახლდათ კადრი, თუ როგორ მიუძღვება გრანიტ ჯაკა „არსენალს” მოედნისკენ. უცებ, ტიერიმ ტელევიზორი გამორთო.

– რას აკეთებ? – ვკითხე მე.

– არ შემიძლია ვუყურო ჩემს გუნდს, რომელსაც გრანიტ ჯაკა კაპიტნობს, – მიპასუხა მან.

და ჩვენ ფეხბურთს აღარ ვუყურეთ. ვისხედით და მთისას და ბარისას ვლაპარაკობდით”.