“იტალიის ნაკრების ჩაფლავება ჰაერიდან არ მოსულა, მას წინ ორი კატასტროფული მსოფლიოს ჩემპიონატი უძღოდა” — განაცხადა “პრემიუმთან” ინტერვიუში “სკუადრა აძურას” ყოფილმა თავკაცმა, “მილანის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ. მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში, ორი შეხვედრის ჯამში შვედეთთან დამარცხდა, 1:0 და 1958 წლის შემდეგ პირველად დარჩა მუნდიალის მიღმა.

“ჩვენთან, საფეხბურთო განათლება კარგ დონეზე არ დგას, — განაგრძო საკიმ, — ზოგადად, განათლება უამრავი კომპონენტის გააზრების შედეგია და როდესაც ის გაკლია, დიდი შანსია იღბალმაც ზურგი გაქციოს. ინსინია? იტალიას ინდივიდუალური კი არა, კულტურული პრობლემა აქვს. ფეხბურთი გუნდური სახეობაა და ყოველი ცალკეული მოთამაშე ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს”.

საკის, ცხადია ხელმოცარული გუნდის მწვრთნელის, ჯან პიერო ვენტურას შესახებაც ჰკითხეს. მან უპასუხა: “სტვენა ცუდ შედეგებს მოსდევს. ხალხი ყოველთვის შედეგით სჯის და არა გაწეული სამუშაოთი. მეორე მხრივ, ვერავინ უარყოფს, რომ ვენტურას ხანგრძლივი, კარგი კარიერა აქვს გავლილი. თუმცა, ფაქტია, რომ მისი კარიერა უმაღლესი დონისა ნამდვილად არ ყოფილა”.

გამოსავალი?

“ასეთ დროს ყოველთვის განტევების ვაცს ვეძებთ. ვცდილობთ მოვძებნოთ ვიღაც ერთი, ვისაც ყველაფერს დავაბრალებთ, მაგრამ შედეგი ერთ ადამიანზე არასდროს არის დამოკიდებული. ახლა ბევრს ლაპარაკობენ კარლო ანჩელოტიზე. ის, რასაკვირველია დიდი მწვრთნელია, მაგრამ თუ ყველანი არ დავეხმარებით, არაფერი გამოუვა. ამიერიდან ყველამ ყველაფერი სრულიად სხვანაირად უნდა გავაკეთოთ”.