ფაბინიო დაშავდა. როგორც ჩანს, „ლივერპულს” დაცვაში კრიზისი ელის. „წითლების” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, „აი ეს, ახლა, ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა”-ო. მოგეხსებენათ, დაცვის ბურჯი და ყველაზე დიდი ვარსკვლავი ვირჯილ ვან დაიკი ისეა ტრავმირებული, რომ მთელი სეზონით ჩამოშორდა გუნდს.

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ვან დაიკის ფუნქციას ასრულებდა, „მიდტიულანდთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პირველ ტაიმში ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება. სავარაუდოდ, ორთავა კუნთის პრობლემაა.

27 წლის მოთამაშე რის უილიამსმა შეცვალა. „ლივერპულმა” მოიგო 2:0.

რის უილიამსი 19 წლისაა. გასულ სეზონში ის ჩრდილოეთის ეროვნული ლიგის გუნდ „კიდერმინსტერ ჰერიერზში” თამაშობდა — ინგლისური ფეხბურთის იერარქიაში ხუთი საფეხურით დაბლა. ასეთია მისი გამოცდილება.

ახლა იურგენ კლოპი მოუთმენლად ელის ექიმების პასუხს კითხვაზე: რამდენად სერიოზულია ფაბინიოს ტრავმა?

მერსისაიდელების გერმანელმა თავკაცმა თქვა: „აი ეს, ახლა, ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა. ვერაფერს გეტყვით. ის ორთავა კუნთს უჩიოდა. მან გვითხრა, თამაშს კი გავაგრძელებ, მაგრამ სპრინტს ვერ შევძლებო. რად გვინდოდა ასეთი ფეხბურთელი მოედანზე?. ახლა, ექოსკოპიას გადავუღებთ და ვნახავთ, რა ხდება, მაგრამ მის მდგომარეობას კარგი პირი ნამდვილად არ უჩანს”.

თუ ფაბინიო კარგა ხნით ჩამოშორდება გუნდს, „ლივერპულს” დარჩება ერთადერთი ფეხბბურთელი, რომლის პროფესია დაცვის ცენტრში თამაშია. ეს გახლავთ ჯო გომესი. როგორც ჩანს კლოპს მწარედ უბრუნდება დეიან ლოვერნის „ზენიტში” გაყიდვის გადაწყვეტილება. მის ნაცვლად ვინმეს შეძენა იყო საჭირო.

უკვე წერენ, რომ „ლივერპული” მოუთმენლად ელოდება იანვრის სატრანსფერო ფანჯარას, რათა „შალკესგან” ოზან კაბაკი იყიდოს.