ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მადრიდის „რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომელსაც მის გარდა ფრანგული სპორტული საზოგადოების ასზე მეტი წარმომადგენელი უჭერს მხარს. ეს გახლავთ მოთხოვნა მთავრობისადმი, რომ მან გახსნას სპორტული დარბაზები და covid 19-თან ბრძოლის ეგიდით ნუ ეწევა სპორტისა და სპორტული სარბიელების დემონიზაციას.

მოთხოვნა გამოქვეყნდა გუშინ, Le Journal du Dimanche-ში (საკვირაო ჟურნალი). ტექსტი ეხება პანდემიის გამო ბევრ ფრანგულ ქალაქში დარბაზების, საცურაო აუზებისა და სტადიონების დაკეტვას. შეჩერებულია სასკოლო აქტივობებიც.

„ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამ ნაგებობებში დაავადების გავრცელების რისკი საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას ვკიცხავთ” — წერია მანიფესტში.

მოთხოვნას სხვა ვარსკვლავებთან და მოღვაწეებთან ერთად ხელს აწერს მსოფლიოს ჩემპიონი მძლეოსანი სტეფან დიაგანა.

მიმართვაში წერია, რომ მოსახლეობისათვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სარგებელი ეჭვგარეშეა და არავის დაუმტკიცებია, რომ კორონავირუსი სტადიონებსა და დარბაზებში რეგულაციების დაცვის შემთხვევაშიც გავრცელდება.

მოკლედ, საფრანგეთის სპორტული საზოგადოება თავისი ქვეყნის მთავრობას სპორტული დარბაზებისა და ნაგებობების გახსნას თხოვს.

შეგახსენებთ, რომ ეს ხდება ქვეყანაში, სადაც შაბათს ჰქონდათ კორონავირუსის ახალ დღიურ შემთხვევათა რეკორდი — 26 896; ეპიდემიის დაწყებიდან საფრანგეთში სულ დაფიქსირდა 718 873 შემთხვევა. გარდაიცვალა 32 684 პაციენტი, რომელთაც კორონავირუსმა თანმდევი დაავადებები გაურთულა.