მაყურებლის გარეშე ფეხბურთის მატჩები მართლა აუტანელია, ამიტომ პრემიერლიგის კლუბები გამოსავლის მოძებნას ცდილობენ. მათი ერთ-ერთი ბოლო იდეა ფანებისთვის ველოსიპედების დაქირავება გახლავთ.

არადა, თავდაპირველი გეგმის თანახმად, გარკვეული რაოდენობის მაყურებელი ინგლისის სტადიონებზე უკვე ხვალ და ზეგ უნდა გამოჩენილიყო. ფეხბურთის მოყვარულთა სამწუხაროდ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ covid 19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო გეგმა შეცვალა.

ვირუსოლოგები ამტკიცებენ, რომ ღია სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვით, ვირუსის გადადების რისკი მაღალი არ არის, მაგრამ რა გინდა უყო ფანების ქალაქიდან ქალაქში ტრანსპორტირებას? მათ ხომ მოუწევთ მატარებლით თუ ავტობუსით ჯგუფებად მგზავრობა?

ამიტომაც დაისვა კლუბების წინაშე ახალი ამოცანა — როგორ ჩაყივანონ თავიანთი ფანები სხვა ქალაქებში ისე, რომ გზაში კორონავირუსი არ გადაედოთ.

მუშავდება პარკინგის ადგილების გაზრდის პროექტები, რათა ხალხმა თავიანთი მანქანებით იაროს; მიმდინარეობს მოლაპარაკებები რკინიგზის კომპანიებთან ვაგონებში სოციალური დისტანცირების შესახებ. იდეათა ამ პაკეტს განეკუთვნება ველოსიპედების პროექტიც.

ცხადია, ამ პროექტებს დაფინანსება ანუ ფული სჭირდება. არადა, ცოტა ხნის წინ პრემიერლიგის კლუბებმა ინგლისის ფეხბურთის ლიგას ქვედა ეშელონების კლუბების დახმარებაზე უთხრეს უარი. ინგლისის ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელი რიკ პერი ბობოლა ოცეულს პრემიერლიგის ქვემოთ მოთამაშე 72 კლუბის დახმარებას სთხოვდა. მას უნდოდა პანდემიისგან ისედაც გაწამაწიაში მყოფი მთავრობისთვის ზედმეტი ხარჯი აერიდებინა, მაგრამ ბობოლებმა განაცხადეს, მაგ კლუბებმა ჩვენგან უკვე საკმარისი თანხა მიიღესო.

ამასობაში კი 21-27 სექტემბრის მონაკვეთში პრემიერლიგის ათი თანამშრომელი და ფეხბურთელი დაავადდა კორონავირუსით. ეს პრემიერლიგისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.