პრემიერლიგის კლუბებში, ფეხბურთელების ჩათვლით, ათ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი. ეს სარეკორდო მაჩვენებელია.
სეზონის დაწყების შემდეგ ამდენი დაავადებული ინგლისის უმაღლეს ლიგას არ ჰყოლია. წინა სამი კვირის განმავლობაში ტურიდან ტურამდე სულ სამი-ოთხი შემთხვევა თუ იყო ხოლმე.
21-27 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა 1595 ტესტი, რომელმაც მარტო „ვესტ ჰემში” სამი კოვიდიანი გამოავლინა: მწვრთნელი დევიდ მოიესი და მისი ორი ფეხბურთელი ისა დიოპი და ჯოშ კალენი. ათივე, ვისაც covid 19 დაუდასტურდა, ათი დღით შინ უნდა დარჩეს.
კვირას „ვესტ ჰემმა” „ვულვერჰემპტონს” 4:0 მოუგო. ეს იყო ახალ სეზონში „ჩაქუჩების” პირველი გამარჯვება. მოიესი თამაშს შინიდან ხელმძღვანელობდა.
პრემიერლიგამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ სტატისტიკის გასაჯაროება შეჯიბრების გამჭვირვალობისა და პატიოსნად ჩატარებისთვის არის საჭირო.
რაც შეეხება სანაკრებო ფეხბურთს, ინგლისელებს უახლოესი თამაში ერთა ლიგის ფორმატით 10 ოქტომბერს უწევთ და ამიტომ იმედოვნებენ, რომ ის მოთამაშეები, ვისაც კორონავირუსი უკვე სჭირთ, პრემიერლიგის მხოლოდ ერთ ტურს გამოტოვებენ.