ვერ გეტყვით, ეს რა გრძნობა იყო. ყველაზე დიდი დამცირება, რაც ქართული ფეხბურთისგან გადაგვიტანია.
თბილისის „დინამოს“ გუშინდელი 1:6 კატასტროფის ფონზე იმავე ფარერებზე წლების წინ „ვიტ ჯორჯიას” წაგებული 0:3 ლამის გმირობად გვეჩვენება.
ვინ? თბილისის „დინამომ”? ვისთან? უსახელო კუნძულელებთან, რომლებიც გლდანულას არ აღემატებიან მოსახლეობით და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დურგალი ჰყავთ?
აქ უკვე უნდა შეწყდეს ნებისმიერი ინსინუაცია.
რომან ფიფია უნდა წავიდეს, წასვლამდე კი დაიდოს დოკუმენტები იმ სიმბოლური ფასის შესახებ, ქართული ფეხბურთის სიამაყე რომ იყიდა და მერე ქართულივე ფეხბურთის სირცხვილად აქცია. „მისი საკუთრებაა და ვერაფერს უზამ“ არგუმენტად ვერ გამოდგება. ვუზამთ!
მასაც და ფეხბურთის ფედერაციასაც, რომელიც სისტემურ ცვლილებებზე, კლუბების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნაზე, საბიუჯეტო საწოვარადან ჩამოხსნაზე და პროფესიული ლიგის ჩამოყალიბებაზე არ ზრუნავს.
მოაშორეთ „დინამოს“ ფიფია და მისი გუნდი, სანამ გაჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ არაპროფესიონალთა ხელში საფეხბურთო კლუბი სრულიად არასაფეხბურთო მიზნებს ემსახურება. და კიდევ: თუ ჩისკო თავმოყვარე კაცია, ხვალ დილამდე უნდა გამოაცხადოს წასვლის შესახებ. და ბარემ ორი სიტყვა „ლოკომოტივზეც“ ვთქვათ:
დიდი მადლობა წინა ორი ეტაპისთვის, მაგრამ „გრანადა“ ის გრანდი არ არის, 90 წუთში კარისკენ ვერ დაურტყა, კუთხური ვერ გამოიმუშავო და საამაყოდ მხოლოდ თამაშგარეში ერთხელ მოხვედრა დაგრჩეს – ვუტევდით.
მძიმე და უძილო ღამე გამოვიდა. დაწყვეტილი ნერვების და გაცრუებული იმედების. ეგებ დროა, ფედერაციამ სპორტის სამინისტრისთან, კლუბებთან, ვეტერანებთან, ჩვეთან ერთად შექმნას რაღაც მუშა ჯგუფი, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდაზე კი არა, რეალურ რეფორმებზე იმსჯელებს და იმუშავებს.