54:22 – ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩი. 54 ქულა კანადის წინააღმდეგ – ნამდვილად კარგი შედეგია. ამაზე მეტი ქულა ბორჯღალოსნებს ბოლო წლებში მხოლოდ ერთხელ დაუგროვებიათ – შარშან, ევროპის რაგბის ჩემპიონატის სტარტზე გერმანიის ნაკრებთან 59:7 მოიგეს. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებია. გერმანიას ჩვენმა ბიჭებმა იოლად აჯობეს და ქულებიც ადვილად აგროვეს. აი, კანადასთან, „ნეკერჩხლებთან“ 54 ქულა კი გაცილებით დიდი ძალისხმევის შედეგია.

22 გაშვებული ქულაც ნუ დაგვავიწყდება. და ამაზე მეტი ბოლო ორ წელიწადში გამართულ 20 მატჩში ქართველებმა მხოლოდ იაპონელებისგან, შოტლანდიელებისგან და არგენტინელებისგან მიიღეს. ესეც მხოლოდ ციფრებია, მაგრამ ბევრ რამეზე მეტყველი ციფრები.

წინასამატჩო წერილში ჩვენების შემადგენლობა გვქონდა განხილული და ვამბობდით, რომ მილტონ ჰეიგმა თავს გარისკვის უფლება მისცა – რამდენიმე გამოცდილის ნაცვლად ამდენივე გამოუცდელები დააყენა. ჩვენების ზელანდიელმა გურუმ შამპანური ალალად დაიმსახურა, მისი ახალი რჩეულებისთვის სასაყვედუროდ ენა არავის მოუბრუნდება, ხოლო სოსო მათიაშვილმა თავის მხოლოდ მე-4 სანაკრებო მატჩში ნამდვილი ბენეფისი მოიწყო.

თბილისის „აკადემიას“ ლიდერმა 54-დან 34 ქულა პირადად დააგროვა, ძალიან ოსტატურად ურტყამდა კარში, გარდასახა ბორჯღალოსნების 6-ვე ლელო, ზუსტად შეასრულა 5-დან 4 ჯარიმა და რაც მთავარია, გაიტანა 2 ლელო. მისმა მეორე ლელომ კი „დინამო არენას“ და ტელერეპორტაჟის აუდიტორია აღტაცებაში მოიყვანა. ჩვენი ნაკრების ფულბეკმა ბურთი მოედნის ცენტრიდან ფეხით წინ გაიგდო, ოდნავ ვერ მოზომა, ძლიერად მოუვიდა და ბურთიც თითქოს უნდა გასულიყო კანადელთა ლელოს გარეთ. მაგრამ მათიაშვილმა ჯერ საოცარი აჩქარებით ბურთის დაწევის შანსი გააცოცხლა და ბოლოს, როცა ოვალი წესით ლელოდან უნდა გადავარდნილიყო, თავგანწირულ და ულამაზეს ნახტომში, ჯერ კიდევ ჩათვლის მოედანში მხტუნავ ბურთთან ჰაერში მყოფმა მოასწრო შეხება.

ასე შეფრინდა კანადელთა ჩათვლის მოედაში სოსო მათიაშვილი: სრკ-ის ფოტო

რეფერიმ თავიდან არ დაიჯერა, რომ ქართველმა შეუძლებელი შეძლო, მაგრამ ვიდეორეფერიმ ლელო ჩათვლილად გამოაცხადა. დღეიდან ამ მორაგბის ანგარიშზე 4 სანაკრებო მატჩი და 4 ლელოა.

ლევან ჩილაჩავა კანადელებმა ვერ შეაჩერეს სრკ-ის ფოტო

მათიაშვილის გარდა, ლელოები გიორგი ნემსაძემ, ლევან ჩილაჩავამ, მერაბ შარიქაძემ და კარლენ ასიეშვილმა მიითვალეს. კაპიტანმა მათიაშვილის მეორე ლელოს ანალოგიური დადო, ოღონდ ორ მეტოქესთან ბრძოლაში დაეწია ლელოში შეგდებულ ბურთს. ფორვარდების მიერ გატანილი ლელოები კი ძალისმიერი იყო. სამართლიანები ვიყოთ და, სწორედ ამ კომპონენტის ხარჯზე, ძალით და დერეფანში კარგი თამაშით აჯობეს ჩვენებმა სტუმრებს, თორემ სისწრაფესა და კომბინაციურ ბურთაობაში კანადელებმა ტოლი არ დაგვიდეს და ელვისებური კომბინაციების შედეგად გატანილი 3 ლელო ამის ნათელი დასტურია.

კანადასთან მატჩი უკვე წარსულია. წინ კარდიფი და დიდებული „მილენიუმია“, რომლის დღევანდელი ოფიციალური სახელია „პრინსიპალიტი სთედიუმ“, და უელსის ნაკრებია, რომელმაც დღეს, ხსენებულ არენაზე ავსტრალიის ნაკრებს ვერ გაუძლო და 21:29 დამარცხდა. უელსი – საქართველო 18 ნოემბერს გაიმართება.