ევროლიგის მეორე ნახევარფინალში „ინტერმა” „შახტარს” 5:0 მოუგო და ახლა, ფინალში, „სევილიას” შეხვდება. ფინალი 21 აგვისტოს არის დანიშნული.

მილანელთაგან უკრაინული გუნდის კარში ორი გოლი ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. მანვე შეასრულა ერთი საგოლე გადაცემა, თუმცა დღეს გვინდა ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაც 27 წლის თავდამსხმელმა, მატჩის შემდეგ, თავის ყოფილ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედზე” თქვა, რადგან „ინტერისა” და „შახტარის” მატჩზე მარტო ანგარიშიც ძალიან კარგად მეტყველებს.

როგორც მოგახსენეთ, „ინტერი” ფინალში „სევილიას” ხვდება, „სევილია” კი ის გუნდია, რომელმაც ნახევარფინალში სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა – 2:1. სტატისტიკოსებმა თქვეს, რომ „იუნაიტედი” ბოლო 31 წლის განმავლობაში პირველად რჩება ჯილდოს გარეშე ზედიზედ სამი სეზონის მანძილზე.

ლუკაკუ „მანჩესტერ იუნაიტედში” „ევერტონიდან” 2017 წელს გადავიდა, როდესაც კლუბს ჟოზე მოურინიუს ხელში ევროლიგა ახალი მოგებული ჰქონდა. მას მერე „ოლდ ტრეფორდზე” ჯილდო აღარ აღუმართავთ.

ლუკაკუ კი „ინტერში” ატარებს ჩინებულ სეზონს — ევროლიგაში აგერ უკვე მეშვიდე მატჩია გოლი გააქვს. სულ, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ბელგიელმა 50 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა.

ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს” რომ არ ხვდებით ხომ არ გეწყინაო, ჰკითხა თავდამსხმელს BT Sport-მა.

„არა… ვფიქრობ, „იუნაიტედმა” ყველა ღონე იხმარა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა, — უპასუხა მან, — გუნდმა (ოლე გუნარ) სულშერის ხელმძღვანელობით ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. აი, გრინვუდი მოდის, შესანიშნავი ბიჭი. არის მარსიალი, რეშფორდი… ეჭვი არ მეპარება, რომ შემდეგ სეზონში ისინი ერთად შესანიშნავად ათამაშდებიან”.

რაც შეეხება ფინალს:

„ვფიქრობ, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა. ასე რომ, ძალიან მაგრა უნდა მოვემზადოთ. ხვალ დავისვენებთ, ძალებს აღვიდგენთ და შემდეგ ინტენსიურ ვარჯიშზე გადავალთ”.

კონტეს ქვეშევრდომებმა ბოლო ექვსი შეხვედრა მოიგეს. 16 გოლი გაიტანეს და 1 გაუშვეს.