საინტერესო რეპლიკა გამოაქვეყნა კატალონიურმა გამოცემა „სპორტმა”. მას გაახსენდა, რომ დღეს ზუსტად სამი წელიწადი შესრულდა, რაც ნეიმარმა „ბარსელონა” დატოვა და „პარი სენ ჟერმენში” გადავიდა. ბრაზილიელი „კამპ ნოუზე” იმ იმედით მიიყვანეს, რომ კლუბში წლობით დარჩებოდა და ლეო მესის მემკვიდრეც გახდებოდა, ის კი ახალგამდიდრებულ პარიზელთა ფულს დახარბდა და როგორც „სპორტი” წერს, უკანა კარიდან გაიპარა.

სხვათა შორის, რეპლიკას კატალონიელმა ჟურნალისტებმა  ასეთი სათაური დაარქვეს: „სამი წელი შესრულდა, რაც ნეიმარმა „ბარსას” უღალატა და პსჟ-ში გადავიდა”.

შემდეგ წერია: „ნასერ ალ-ხელაიფი ნეიმარის გარემოცვას ელაპარაკა, რომელთაგან შეიტყო, რომ ფეხბურთელს კლუბის გამოცვლა და პსჟ-ში მისი პროექტის წევრობა სურდა. მათ გაიმეტეს 222 მილიონი ევრო, რაც ნეიმარის გამოსასყიდი თანხა გახლდათ და ფეხბურთელსაც ხელფასის მნიშვნელოვან მომატებას დაპირდნენ. ეს ამბავი „ბარსელონაში” ღალატად აღიქვეს, რადგან სანამ ამბავი საჯაროდ არ გახდა ცნობილი, ის პსჟ-ს ინტერესს მალავდა.

შედეგად, ვერც ნეიმარმა შეძლო პსჟ-ს ჩემპიონთა თასამდე მიყვანდა და ვერც „ბარსელონამ” იპოვა მისი შემცვლელი.

ნეიმარმა „კამპ ნოუზე” გატარებულ ოთხ სეზონში 10 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და კლუბთა მსოფლიო თასი. პსჟ-ში ის მხოლოდ ადგილობრივ ჯილდოებს შესწვდა, ევროთასებზე კი ტრავმების გამო ბევრი თამაში გამოტოვა.

„ბარსაში” თამაშის დროს ნეიმარმა ლა ლიგაში 123 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 68 გოლი და შეასრულა 38 საგოლე პასი. Opta-ს კვლევების თანახმად ის ყოველ 94 წუთში გოლის გატანაში მონაწილეობდა.

პსჟ-ში გატარებულ სამ სეზონში მან ლიგა ერთის მხოლოდ 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 47 გოლი და შეასრულა 26 საგოლე პასი ანუ გოლის გატანაში ყოველ 62 წუთში მონაწილეობდა.

ნეიმარი მალევე მიხვდა, რომ „ბარსელონადან” წასვლა შეცდომა იყო და ბოლო ორი ზაფხულის განმავლობაში დაბრუნებას ცდილობდა. წლეულს, კორონავირუსის გამო მისი ტრანსფერი გამორიცხულია”.