ჰარი რედნაპმა თქვა, რომ ფრენკ ლემპარდი ტოპ-მწვრთნელი გახდება და ამ საქმეში ვინმეს რჩევა არ სჭირდება.

ამასთან, ინგლისური ფეხბურთის ღვაწლმოსილმა ადამიანმა „ჩელსის” თავკაცსა და „ლივერპულის” მწვრთნელ იურგენ კლოპს ხმლების ქარქაშში ჩაგება და ცხოვრების ჩვეულებრივ გაგრძელება ურჩია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ლივერპულმა” „ჩელსის” „ენფილდ როუდზე” 5:3 მოუგო, რომლის დროსაც ლემპარდს მასპინძელთა სათადარიგო სკამთან შელაპარაკება მოუვიდა. „ლურჯების” ბოსი თვლის, რომ მერსისაიდელები ქცევასა და ზეიმში ზღვარს გადასცდნენ. ამაზე კლოპმა კოლეგას პასუხი გასცა. მან დაწერა, რომ თამაშების დროს შელაპარაკება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ის მატჩის ფარგლებს არ უნდა გასცდეს და ლემპარდს, როგორც ახალგაზრდა მწვრთნელს, ამის სწავლა სჭირდება.

„ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ვესტ ჰემ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა ჰარი რედნაპმა თქვა:

„ფრენკი ბავშვობაშიც კი ჩამოყალიბებული პროფესიონალი იყო, ასე რომ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად მას კლოპის ჭკუის სწავლება არ სჭირდება. ფრენკი მშვიდი ადამიანია და ჩვეულებრივ კონფლიქტებში არ ერევა. როგორც ჩანს, „ენფილდზე” რაღაც განსაკუთრებული მოხდა, რაკიღა ის წყობიდან გამოვიდა.

მეორე მხრივ, ფრენკი იურგენს პატივს სცემს და ვიცი, რომ სურს შერიგების ნიშნად ხელი ჩამოართვას თუ ეს შესაძლებელი იქნება. ცხოვრება ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს”.

შეგახსენებთ, რომ ჰარი რედნაპი ფრენკ ლემპარდის აწგარდაცვლილი დეიდის ტყუპი დის მეუღლეა.