ლეო მესიმ „ბარსელონას” შეფებს ახალ მწვრთნელად „ლიდს იუნაიტედის” არგენტინელი თავკაცის, მარსელო ბიელსას აყვანა ურჩია.
ბიელსამ, მოგეხსენებათ, „ლიდსი” 2004 წლის შემდეგ პირველად დააბრუნა პრემიერლიგაში. ამასთან, მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ერთ კვირაში გაუდის და თუმც მაგიდაზე ახალი ხელშეკრულება უკვე უდევს, ხელი ჯერ არ მოუწერია.
და აი, მესის აზრად კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული კიკე სეტიენის ნაცვლად „კამპ ნოუზე” 64 წლის „მახვშის” მიყვანა მოუვიდა.
„ბლაუგრანა”, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, სახარბიელო მდგომარეობაში არ არის. ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახდა — ტიტული მთავარ მოქიშპე „რეალს” გაატანა, — ხოლო covid 19-ის პანდემიამ ეკონომიკურად ისე დაარტყა, რომ ფეხბურთელთა გაყიდვას შეუდგა.
ამას დაამატეთ სულ რაღაც ექვსი თვის მოსული კიკე სეტიენის ფიასკო. მწვრთნელმა, რომელმაც ერნესტო ვალვერდე შეცვალა, ვერ გაამართლა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ლეო მესისთან გაიფუჭა ურთიერთობა.
ამ ყველაფერს კი ემატება „ბარსელონას” პრეზიდენტის მოახლოვებული არჩევნები, სადაც ჟოზეპ მარია ბარტომეუ თანამდებობის შენარჩუნებას ცდილობს და ამისათვის პოპულარული ნაბიჯის გადადგმა სჭირდება.
ბარტომეუს მთავარ (სახელოში ვერ-დამალულ) კოზირად აქამდე სეტიენის ნაცვლად ლეგენდარული ჩავის მოყვანა ითვლებოდა, მაგრამ ჩავიმ სიტუაციას გადახედა-გადმოხედა და თქვა, „ბარსელონას” სათავეში ჩადგომისგან ერთი წლით თავს შევიკავებო.
და აი, ამ დროს, როგორც მოგახსენეთ, მესიმ, რომელსაც „კამპ ნოუზე” დიდი გავლენა აქვს, გამოსავალი მოიფიქრა — ბიელსა მოვიყვანოთო.
შეგახსენებთ, რომ ბიელსა „ბარსას” ყოფილი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მენტორია.