ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი „არსენალსა” და „ჩელსის” შორის 1 აგვისტოს გაიმართება და მას მოემსახურება მსაჯი ენტონი ტეილორი.
„უემბლისკენ” გზა „ჩელსიმ” „მანჩესტერ იუნაიტედის” ძლევით გაიკვალა, ხოლო „არსენალმა” „მანჩესტერ სიტის” სძლია.
ამრიგად, ლონდონურმა გუნდებმა ნახევარფინალში მანჩესტერულებს აჯობეს და ახლა, მომდევნო კვირის შაბათ დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ამავე გუნდების სამი წლის წინანდელი ფინალიც ენტონი ტეილორმა იმსაჯა. მაშინ, 2017-ში, „არსენალმა” „ჩელსის” 2:1 მოუგო.
ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ახლანდელ და 2017 წლის ფინალს შორის ის იქნება, რომ ახლა „უემბლიზე” მაყურებელი არ მივა, სამი წლის წინ კი ტრიბუნებზე 89 472 კაცი იჯდა.
შეხვედრა განსაკუთრებული იქნება ფრანგი ოლივიე ჟირუსთვის, რომელიც თავის ყოფილ გუნდს, „არსენალს” დაუპირისპირდება.
ჟირუ: „ბიჭებს ვუთხარი, რომ გამარჯვება ძალიან მინდა. ეს იქნება ჩემთვის მეხუთე წარმატება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე. ველი დიდ მატჩს „მეტოფეებთან”, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.