საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ თუ ექვს ერზე საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დამატებით შემოდგომაზე ტურნირი გაიმართება, ეს განვითარებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ის ფიქრობს, რომ სანამ ოფიციალური შეთავაზება არ იქნება, ამ საკითხზე სერიოზული ფიქრი ნაადრევია:

ნაკრებს მაისაშვილი გაწვრთნის ...„სასიამოვნო ინფორმაციაა და ძალიან კარგი იქნებოდა მოვლენების ამგვარი განვითარება, თუმცა ეს არაა ოფიციალური ვერსია. ამასთან დაკავშირებით „მსოფლიო რაგბს“ ან „ექვს ერს“ საქმის კურსში არ ჩავუყენებივართ და ჯერჯერობით კერძო პირების მოსაზრებად რჩება. ეს თუ მოხდა ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება. მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან თამაში განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება“.

საქართველოს ნაკრების მორაგბეთა ნაწილი, პანდემიის შემდეგ უკვე 7 კვირაა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ინდივიდუალურად ემზადება:

„მომზადების კუთხით მუდმივად გვაქვს პრობლემა, რადგან ჩვენი მორაგბეების ნაწილი საფრანგეთშია, ნაწილი კი საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიაა, საქართველოს ჩემპიონატი გაჩერებულია და დიდი ხანია ამ ბიჭებს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონიათ. საქართველოში მყოფმა ნაკრების კანდიდატებმა ვარჯიში უკვე 7 კვირაა განაახლეს. ეს მოიცავს ხაზის პრაქტიკულად 90 პროცენს, მეორე ხაზს კოტე მიქაუტაძის გამოკლებით, ორ კვაჭს, რომლებიც ლეგიონერები არიან. ეს ჯგუფი ფიზიკურად კარგ კონდიციაშია და ტექნიკურად ვხვეწავთ იმ დეტალებს, რისი დროც საშეჯიბრო პერიოდში არ გვაქვს ხოლმე“.

„მაგრამ ეს მხოლოდ ვარჯიშია და გვჭირდება თამაში. უახლოეს ოფიციალურ სანაკრებო თამაშამდე, არ აქვს მნიშვნელობა ის ვისთან გვექნება, თუ ამ ბიჭებს არ ექნებათ სათამაშო პრაქტიკა, რა თქმა უნდა ეს პრობლემა იქნება. ლეგიონერები საფრანგეთში არიან და იმედს ვიტოვებ, რომ იქ ჩემპიონატი განახლდება და სათამაშო პრაქტიკა ექნებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თამაშებს საუკეთესოდ მომზადებული შევხდეთ“.