„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტანი და მებრძოლი სულის სიმბოლო, ირლანდიელი როი კინი შესაძლოა აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი გახდეს. როგორც ამბობენ, „სქაი სპორტის” მიმომხილველს საწვრთნელი მოედანი ენატრება, ბაქოელები კი ამის შანსს აძლევენ.
ინგლისური პრესა წერს, რომ აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და ეჭვი არ არის, 48 წლის ვეტერანს გვარიან ხელფასს შესთავაზებდა, მაგრამ თავად კინს შესაძლოა ფულზე მეტად თავის გამოჩენის პერსპექტივა ხიბლავდეს.
აზერბაიჯანი ერთა ლიგის C ჯგუფში აღზევდა და კენჭისყრამ იქ მონტენეგროსთან, ლუქსემბურგთან და კვიპროსთან ერთად პირველ ჯგუფში მოახვედრა. ახლა ქვეყანა მორიგი საფეხბურთო პროგრესისთვის ემზადება.
საინტერესოა, რომ „სანის” ინფორმაციით აზერბაიჯანელები ირლანდიელისგან პასუხს ორ დღეში ითხოვენ და თუ უარი მიიღეს, ნიკოლა იურჩევიჩის შემცვლელის ძებნას სხვაგან განაგრძობენ.
ისე კი შეეწყობა კინი კავკასიელებს? ცნობილია, რომ ირლანდიელი ფეთქებადი ხასიათის კაცია. ამის კარგი მაგალითი გახლდათ მისი სატელევიზიო რეაქცია „მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას შეცდომაზე (ვიდეო), რომელიც მან პრემიერლიგის „რესტარტის” შემდეგ, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” შეხვედრაში დაუშვა. კინმა თქვა:
„ამ გოლმა გამაგიჟა. წლების განმავლობაში უამრავი ფეხბურთი მინახავს, მაგრამ დღეს ლამისაა ორთქლი ამოვუშვი. ამ მეკარემ დამაავადა. რომ მენახა, შესვენებისას ვცემდი, მუშტებს დავცხებდი. არადა, აღიარებული მეკარეა, ნაკრებში აყენებენ”.
როი კინს უმუშავია „სანდერლენდისა” და „იფსვიჩის” მწვრთნელად, ხოლო ირლანდიის ნაკრებში, „ასტონ ვილასა” და „ნოტინგემ ფორესტში” ასისტენტი იყო.