იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა

უპირველესად, რა თქმა უნდა, “ლივერპულს” უნდა მივულოცოთ ტრიუმფი. ასეთი ჰანდიკაპით პრემიერლიგა ჯერ არავის მოუგია.

თუმცა, ყოველთვის არსებობს “თუმცა”. სამ ათეულ წელზე მეტია, მერსისაიდელებს ვქომაგობ და ძალიან მინდოდა, “ლივერპულს” ტიტული საკუთარი შეხვედრის დასრულებისას გაეფორმებინა. თანაც, არა რომელიმე რიგითი შეხვედრის, არამედ 2 ივლისს უშუალო კონკურენტ “სიტისთან” მისსავე “ეტიჰადზე” საფინალო სასტვენის შემდეგ.

ეს უკვე ზეტრიუმფი იქნებოდა. არადა, ორად ორი პირობა იყო საამისოდ შესასრულებელი: გვარდიოლას გუნდს ხუთშაბათს “ჩელსი” დაემარცხებინა და მერე “ლივერპულს” “ეტიჰადზე” უბრალოდ არ წაეგო. არის ამაში რამე ფანტასტიური? სრულებითაც არა, მაგრამ ჩემი და პეპ გვარდიოლას ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა…

ესპანელი დიდებული სტრატეგია. იგივე ვარიანტი სხვებზე ადრე გათვალა და ალბათ მიიჩნია, რომ საჩემპიონო ზეიმისთვის “ეტიჰადის” დათმობა მეორეობას კარგა ხნის წინ შეგუებულ ფანებშიც კი აღშფოთებას გამოიწვევდა. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე პეპმა ბრძანა, “ჩელსისთან” მატჩი კია მნიშვნელოვანი, მაგრამ “ნიუკასლთან” სათასო მეოთხედფინალს ჩვენთვის ფინალის ფასი აქვსო. შეგახსენებთ, რომ ეს სათასო მატჩი უკვე კვირას გაიმართება. იმავე განცხადებაში გვარდიოლამ არ გამორიცხა, რომ “ჩელსისთან” რამდენიმე ლიდერი დაესვენებინა. ისე, რატომაც არა, თუ პრემიერლიგაში კომფორტული საჩემპიონთალიგო პოზიცია უფლებას გაძლევს?!

ამის გამგონე იურგენ კლოპმა კოლეგას ბლეფი დაუწუნა და პოკერის თამაში ურჩია. და რა მოხდა რეალურად “ჩელსი”-“სიტის” მატჩში? გვარდიოლამ ნორმალური შემადგენლობა დააყენა, მისი გუნდი სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ როგორც “არაჩვეულებრივი გამოფენის” პერსონაჟი იტყოდა: “მაინც არაა ეს ჩემი სიდედრი”. მეტისმეტად უკანმოუხედავი იყო “სიტის” პრესინგი, რაც ლონდონელებს მწვავე კონტრშეტევების უამრავ შანსს აძლევდა. გვარდიოლასგან, რომელიც ყოველი მატჩის წინ საათობით სწავლობს მეტოქეს და ყველა დეტალს სათავისოდ იყენებს, ეს ცოტა მოულოდნელი იყო. ნიმუშად პირველი გოლიც იკმარებს, რომელიც უწყინარ სიტუაციაში მანჩესტერელმა მცველებმა თითქმის აჩუქეს მასპინძლებს.

ხმამაღლა ამას ნამდვილად არავინ იტყვის. პეპი შეჰპირდა ლივერპულელებს, თუ “ეტიჰადზე” ჩემპიონების რანგში ჩამოხვალთ, საჩემპიონო დერეფანი ჩვენზეაო და ასე იქნება კიდეც. უბრალოდ, იურგენ კლოპის ფანტასტიურ გუნდს უშუალო კონკურენტის მოედანზე წერტილის დასმის შანსი წაერთვა. “ლივერპულმა” ტელევიზორის წინ იზეიმა. სურვილი კი არ ამისრულდა, მაგრამ თუნდაც ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მე დავინახე, პეპი, ალბათ, მართალია.

წილი
წინა სტატია109 დღე
შემდეგი სტატიაალვერტისი და დიამანტიდისი პაოში დაბრუნდნენ
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".