„ბარსელონა” არტურ მელოს „იუვენტუსში” გაყიდვას დაყაბულდა. არტური 23 წლის ბრაზილიელია, რომელმაც „კამპ ნოუზე” 2018-2020 წლებში 47 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ის ნახევარმცველი გახლავთ, რომლისგანაც კატალონიაში მეტს ელოდნენ.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ლეო მესის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მელოს აქებს და თვით ჩავისაც კი ადარებს.

„არტური ძალიან ჰგავს ჩავის, — ამბობდა მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი, — მასაც უყვარს ბურთის ფლობა და მოკლე პასებით თამაში. არტური ძალიან სოლიდური ფეხბბურთელია. ის თავისი ნიჭით მაოცებს. მისი სტილი „ბარსელონასთვის” ზედგამოჭრილია. მელომ ჩვენებურ ვარჯიშებს უცებ აუღო ალღო. აქაურ ქომაგსაც სწორედ ასეთი ფეხბურთი უყვარს”.

მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც ვერ წავიდა ისე, როგორც „კამპ ნოუზე” გეგმავდნენ. ბოლო ცნობებით არტურის „იუვეში” გადასვლას შესაძლოა მირალემ პიანიჩის საპირისპირო მიმართულებით გადაბარგება მოჰყვეს.

ვარაუდობენ, რომ ამ გარიგების შედეგად „ბარსელონას” ხაზინა 70 მილიონი ევროთი შეივსება.