საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გვითხრა.
თუმცა, ჩემპიონატის განახლებამდე გარკვეული პროცედურების ჩატარება იქნება საჭირო:
- პირველი ივნისიდან 7 ივნისამდე ელიგის ყველა გუნდი კორონავირუსზე გაივლის ტესტირებას;
- შემდეგი ორი კვირა გუნდები შეკრებას გაივლიან. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება;
- 22, 23 და 24 ივნისს ხელმეორე ტესტირება ჩატარდება;
- 25 ივნისიდან ჩემპიონატი განახლდება;
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონატის ხანგრძლივი პაუზა იყო, ფორმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრე დათქმულ ვადებში ვეღარ ესწრება პირველობის ოთხ წრედ ჩამთავრება და გუნდები ერთმანეთში მხოლოდ 2-2 მატჩს გამართავენ. როგორც იცით, მარტში სულ ორი ტური გაიმართა, სეზონის განახლების შემდეგ კი, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ.
საწყის ეტაპზე სეზონის განახლება ეხება მხოლოდ ეროვნულ ლიგას. მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებისა და თასის თამაშების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ კონკრეტულად სპორტისთვის შესაბამისი დადგენილება გამოაქვეყნა. ჩვენ კონკრეტულად ფეხბურთის კუთხით გვქონდა კომუნიკაცია. პარალელურად რამდენიმე ვალდებულება უნდა აგვეღო. შესაბამისად, ის სცენარი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, შეგვიძლია სრულყოფილად განვახორციელოდ. ეს სცენარი ჩვენ კლუბებთან ერთად გავიარეთ. საბოლოო ვერსიაზე ოთხშაბათს შევთანხმდით. სამწუხაროდ მოგვიწევს ფორმატის შეცვლა – ყველა ლიგაში სადაც ოთხი წრე უნდა გამართულიყო, ორ წრედ გაიმართება, ხოლო მეოთხე ლიგა, სადაც 16 გუნდია და მისი ჩატარება ორ წრედ იგეგმებოდა, ერთ წრეში დასრულდება. ჯერ მხოლოდ ეროვნული ლიგა შეგვიძლია დავიწყოთ და ეს 25 ივნისს მოხდება. მანამდე გარკვეული პროცედურება იქნება გასავლელი, რომლის ვალდებულებაც, შესაბამის სამინისტროებთან კომუნიკაციის შემდეგ საკუთარ თავზე ავიღეთ. გასავლელი არის რამდენიმე პროცედურა – პირველიდან შვიდ ივნისამდე გუნდებს ტესტირება ჩაუტარდებათ, შემდეგ იქნება ორკვირიანი მოსამზადებელი შეკრება, მომდევნო სამი დღის განმავლობაში გუნდები ერთხელ გაივლიან ტესტირებას და სეზონსაც ამის შემდეგ განვაახლებთ.
ჯერჯერობით ეს რეგულაციები მხოლოდ ელიგას ეხება. ნელ-ნელა დავიწყებთ სხვა ლიგებსა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას. ფორმატი თასზეც შეცვლილი იქნება. 1/32 ფინალიდან დაიწყებენ დაბალი ლიგის გუნდები, სხვა და სხვა ეტაპზე სხვა ლიგის გუნდები დაემატებიან, ხოლო ევროთასებზე მონაწილე გუნდები მათ მერვედფინალიდან შეუერთდებიან.
ვითვალისწინებთ ქართველი გულშემატკივრის ინტერესს და ტურები რამდენიმე დღეზე იქნება გაწერილი. მესამე ტური, ანუ განახლებიდან პირველი ტურის ხუთი მატჩი ოთხ დღეზე იქნება გადანაწილებული. ასე გაგრძელდება ვიდრე მატჩებზე მაყურებლების დასწრების გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. პარალელურად ვიმუშავებთ ლიგა 2-ის, ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის განახლებაზე.
წლეულს გუნდები განთავისუფლდებიან საწევრო გადასახედებიდან და ეს თანხა შეუძლიათ ახალი სეზონისთვის უკეთ მოსამზადბლად გამოიყენონ. ასევე იმ რეგულაციების შესასრულებლად, რაც თამაშების ჩასატარებლად პროტოკოლით არის სავალდებულო.
სეზონის დასრულებას 5 დეკემბერს ვგეგმავთ, თუ ფლეი ოფებში თასის გათამაშების რომელიმე ფინალისტი გუნდი არ მოხვდა. ასეთ შემთხვავში სეზონი ერთი კვირის დაგვიანებით დასრულდება“, – განაცხადა დავით მუჯირმა.
შეგახსენებთ, რომ გლობალური პანდემიის გამო, ეროვნული ლიგა მაშინ შეწყდა, როდესაც ორი ტური იყო გამართული.