კანტე, მსოფლიოს ჩემპიონი

ნგოლო კანტეს კორონავირუსის ეშინია და „ჩელსიმ” ვარჯიშებიდან გაათავისუფლა. როდის დაბრუნდება მსოფლიოს ჩემპიონი გუნდში, უცნობია.

„ლურჯებს” covid 19-ის ტესტი ჩაუტარეს და ყველა ჯანმრთელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ფრენკ ლემპარდის სამწყსო წვრთნას შეუდგა. პირველ ვარჯიშს ფრანგიც დაესწრო, მაგრამ შემდეგ მან საგანგებო მოპყრობა ითხოვა. მწვრთნელი ნახევარმცველის ამ თხოვნას გაგებით შეხვდა.

კანტეს არ სურს საქმიანობას შეუდგეს მაშინ, როდესაც მთელი ინგლისი კარანტინშია და მთავრობას შეზღუდვები ჯერ არ მოუხსნია.

რასაკვირველია, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ორი წლის წინ, ლონდონელთა ნახევარმცველი ვარჯიშის დროს, თანაგუნდელების თვალწინ უგონოდ დაეცა. ის მყისვე გააქანეს საავადმყოფოში, სადაც გამოიკვლიეს და დააწყნარეს, რომ ჯანმრთელი გული აქვს. გუნებაზე მოსულმა  კანტემ წვრთნა და თამაში განაგრძო. რამდენიმე თვეში ის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, მაგრამ არსებობს მისი ოჯახის ისტორია, რომელიც, როგორც ჩანს, აშინებს: გულის შეტევით გარდაიცვალნენ მისი უფროსი ძმა და მამა; თუმცა მამის გარდაცვალებიდან დიდი დროა გასული. კანტე მაშინ 11 წლის იყო.

„ჩელსი” კი, ზოგადად, პანდემიის პერიოდში თავის ფეხბურთელებს მხარში დაუდგა. მაგალითად, უცხოელი ვარსკვლავები სამშობლოში გაამგზავრა.

ოთხშაბათს, „ჩელსის” ვარჯიში გააცდინა კალუმ ჰადსონ-ოდოიმაც, რომელიც იმით არის საინტერესო, რომ ამ გაზაფხულზე ჯერ კორონავირუსით იყო ავად, შემდეგ კი ღამის 4 საათზე ვიღაც ქალთან წიოკის და კარანტინის წესების დარღვევის გამო კინაღამ დაიჭირეს. ამჯერად ამბობენ, რომ მას სხვა გრიპი შეხვდა და მკურნალობს.