2016 წელს თბილისის „დინამომ“ გულშემატკივარს ბულგარული „ჩერნო მორედან“ მარტინიკელი ფეხბურთელის, მატიას კურიეს გადაბირება ახარა. ქართული საკლუბო ფეხბურთის უნიათო მენეჯმენტი ამ შემთხვევაშიც გამართლდა – კურიემ სულ ორი თვე დაჰყო საქართველოში და „დინამოს“ შემადგენლობაში სულ 2 მატჩი ჩაატარა.
ალბათ არც გაგვახსენდებოდა კურიე, შემთხვევით მისი ინტერვიუ რომ არ გვენახა, სადაც ამბობს, რომ „დინამოში“ გადასვლით უზომოდ კმაყოფილი დარჩა. რატომ?
თურმე იმ ფულით, რომელიც კურიემ საქართველოში ორთვიანი ექსკურსიისთვის აიღო, ბინაც შეიძინა, საკუთარ დასაც აყიდინა და ფინანსურად ოჯახსაც დაეხმარა.
„ფეხბურთელი – მსოფლიოში საუკეთესო პროფესიაა. რამდენიმე წლის წინ თბილისის „დინამოში“ გადასვლა არ მინდოდა. გული „ჩერნო მორეში“ დარჩენას მოითხოვდა, მაგრამ ფული, რაც საქართველოში გადასვლისთვის მომცეს, ჩემი ოჯახის ბევრ წევრს დაეხმარა.
მდიდარი არ დავბადებულვარ, მაგრამ პირველი ვარ ოჯახში, ვინაც შეძლო საკუთარი სახლი ეყიდა და ახლა ჩემი უძრავი ქონება მაქვს.
სახლის ყიდვაში დავეხმარე ჩემ დასაც, ხოლო სამი წელიწადი მშობლების იჯარის ფულს ვიხდიდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ფეხბურთს კი, მუდმივად ვერ ვითამაშებ, ამიტომ ვცდილობ ჩემი შვილების მომავალზეც ვიზრუნო“, – უთხრა კურიემ ბულგარულ მედიას.
წარმოიდგინეთ, ქართული გუნდი არაფერში იხდის იმდენ ფულს, რომ ერთი მარტინიკელი ფეხბურთელის, მისი შთამომავლობისა და ოჯახის წევრების პრობლემა მოაგვაროს.
გაუმართლებელი ტრანსფერი ქართულ გუნდებს კი არა, მსოფლიო გრანდებს მოსვლიათ, მაგრამ აქ ინტენსიურ შეცდომებზე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ. რამდენი „კურიე“ ჩამოსულა საქართველოში და რამდენი ასევე უსახელოდ გამქრალა, ვინ მოთვლის.
ეროვნული ჩემპიონატი კი არა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დასახმარებელი საქველმოქმედო ფონდია…