არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში მსოფლიო ფეხბურთში სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. თუმცა, რაღა გამორიცხვაზეა საუბარი, როცა ამის შესახებ ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი ღიად საუბრობს. საქმე ეხება ევროპული და აფრიკული ფეხბურთის გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე გადასვლას.
კორონავირუსის პანდემიამ წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა როგორც ნაციონალურ ჩემპიონატებს, ასევე საერთაშორისო საფეხბურთო კალენდარს. ჯერაც ვერ დაიქოქა ევროპის ქვეყნების გაურკვეველი ვადით გადადებული ჩემპიონატები. წლეულს გასამართმა ევროპის ჩემპიონატმა და „კოპა ამერიკამ“ საგაისო კალენდარში გადაინაცვლა. შესაბამისად, გაურკვეველი ვადით გადაიდო მომავალი წლის ზაფხულში ჩინეთში გასამართი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომლის ახალმა ფორმატმა მკვეთრად გაზარდა მოლოდინი.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ გადასარჩენია წლევანდელი სეზონიც: ჩემპიონატები, ევროთასები, სანაკრებო ფანჯრები. ახალ ფორმატზე დაუყოვნებლივ გადასვლა საშუალებას იძლევა, აუჩქარებლად, ზედმეტად მჭიდრო ვადების გარეშე ჩამთავრდეს მიმდინარე საფეხბურთო წელიწადი, გაზაფხულიდან კი სულ სხვა საფეხბურთო ცხოვრება დაიწყება.
ბატონი მანტილიანის აზრით, თუ ახალ სისტემას ყველა მიემხრობა, ის ძალაში სულ მცირე, 2024 წლამდე დარჩება და შემდეგ შედეგებიდან გამომდინარე გადაისინჯება, ან – არა.
ამ წამოწყებაში ფიფას ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, შესაძლოა, ეკონომიკური ფაქტორი გახდეს – უკვე მოქმედი კონტრაქტები, წინასწარ გადახდილ-გახარჯული მილიარდები და ა. შ.
ამ შემთხვევისთვის ფიფამ უკან დასახევი პლაცდარმი გაიმზადა. შესაძლოა ძველი სისტემის დატოვება, თუ მომავალი სეზონი არა სექტემბერში, არამედ დეკემბერში ან სულაც ნაახალწლევს დაიწყება. წლევანდელი წლის კალენდრის განტვირთვას ითხოვს ფიფას სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარე მიშელ დუგიც: „გთხოვთ, ფრთხილად მოვეკიდოთ ჩემპიონატების განახლების საკითხს. ჯერ არავინ იცის, სად და როგორ იჩენს თავს ვირუსი უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში“.