სამშაბათ დილას, ესპანეთის საფეხბურთო იერარქიის უმაღლესი და ზემოდან მეორე დივიზიონის კლუბებს გამოუცხადეს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მაყურებლის გარეშე მოუწევთ თამაში.

მიზეზი ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიაა. ახალი გრიპის გამო „ბებერი კონტინენტის” ბევრ ქვეყანაში სპორტული შეჯიბრებები ან შეწყდა, ან გულშემატკივრისთვის ჩაიკეტა.

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ თუ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება სთხოვს, ის მზად არის ჩემპიონატი საერთოდ შეაჩეროს.

თუმცა, სტადიონების მაყურებლისთვის ჩარაზვას სამეფოში ბევრი მოწინააღმდეგეც აღმოაჩნდა. მათ შორის არიან კლუბები და ფეხბურთელები.

ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ფანების არყოფნა რისკის მოსპობას არ ნიშნავს.

ლა ლიგის გადაწყვეტილებას სტადიონების ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ხსენებულმა ასოციაციამ ყველა თამაშის გადადების მოთხოვნით უპასუხა.

„გვესმის, რომ დიდი თავყრილობები უნდა ავირიდოთ, რადგან მას რისკი ახლავს, მაგრამ ეს რისკი ტრიბუნებიდან მაყურებლის გაშვებით მაინც არ მოისპობა. გარდა ამისა, დიდი ხნის განმავლობაში მაყურებლის გარეშე თამაში სპორტული შეჯიბრების სულს დააკნინებს”.

„სელტას” ნახევარმცველი დენის სუარესი: „ჩვენ გულშემატკივრისთვის ვთამაშობთ. რა აზრი აქვს ფეხბურთს თუ მატჩებს ისინი არ დაესწრებიან?”

„რაიო ვალეკანოს” ნახევარმცველი მარიო სუარესი: „ჩემთვის მაყურებლის გარეშე ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს. მესმის, რომ ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ განა მატარებლით და თვითმფრინავით მოგზაურობა რისკს არ შეიცავს? სტადიონების ჩაკეტვას ყველაფრის გაუქმება სჯობია”.