მდაა, ოთხი წელიწადი.

ეს ოთხი წელიწადი სულ ერთნაირი დამარცხების, სირცხვილის, დაცინვის ეპოქაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარცხებს ვოლგოგრადი, ტრაბზონი, ავტოქარხანა, ისთანბულის გარეუბანი, სოფელ ვარიანის მეფრინველეობის კომლექსის დუბლშემადგენლობა. გიგებს ლამის რომ აბოვიანის „კოტაიკი“ და შენა ხარ შვიდგზის შერცხვენილი, რადგან ზედიზედ იგებ მსოფლიოს უძველეს ეროვნულ ჩემპიონატს, კუნძულს გამოცდენილი კი თავლაფდასხმული ხარ.

დიახაც, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბევრჯერ იყო ღირსი, რომ საერთაშორისო ფეხბურთში გარკვეულ კაცს, უძველეს დროიდან ალისფერ ეშმაკთა ქომაგს, გული აეყარა. ვთქვა, მეყო, რაც ნერვები, პაპიროსი და სატოტალიზატორო ფული ვხარჯე ამ მეტიჩარა, კოხტაპრუწა, მედიდური, განწირული გუნდისთვისო. ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ეს სულელი გუნდი წააგებდა, ან გავარდებოდა, მაყურებელს მაინც რჩებოდა შეგრძნება, რომ „მანჩესტერმა“ წააგო, მაგრამ…

ეს ოხერი „მაგრამ“ ძალიან ბევრი რამის მომცველია. ამის გამო კაცს ერთი საფეხბურთო წიგნი გამოუვა ხალხური ლექსის გადაკეთებული სიტყვებით: „მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო!“ რა ქარია ეს ჩრდილოური ქარი, „ოლდ ტრეფორდისკენ“ რომ გაბრუნებს?

„ოლდ ტრეფორდზე“ დგას მატ ბასბის ძეგლი. ეს ერთი სქოთი მწვრთნელი იყო, ვისი სახელიც ბრიტანეთში მხოლოდ აღმატებით ხარისხში იხსენიება. მატ ბასბი ლამის მთელი სიცოცხლე „იუნაიტედის“ მწვრთნელი იყო. ამ გუნდის ლეგენდარულ შემადგენლობასთან ერთად გადაიტანა ავიაკატასტროფა, რომლის შედეგადაც დაეღუპა თავისი ნაპოვნი და გამოზიდილი ბიჭები. ამ გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი და ბევრჯერ დამარცხდა კიდეც. ეს კარგი მწვრთნელის ჩვეულებრივი კარიერა იქნებოდა, რომ არა ბასბის მიდგომა ფეხბურთთან.

ბასბი ის კაცი იყო, ვინც თავისი გუნდისთვის სრულიად გამორჩეულ მოთამაშეებს ეძებდა. კუნძულისთვის ბასბი საოცრად მომხიბლავ რამეებს მოიგონებდა ხოლმე. ეს მან ჩამოქნა დენის ლოუ და მოიყვანა ჯორჯ ბესტი. ეს სწორედ მან თქვა: „ფეხბურთელი იმისთვის გადის მოედანზე, რომ ისიამოვნოს თამაშით და მაყურებელსაც ასიამოვნოს. ფეხბურთელი ყველაფერს ლამაზად უნდა აკეთებდეს. თამაში – სილამაზის უკვდავყოფაა და მეტი არაფერი. დანარჩენი, რაც არის ფეხბურთში, ჩემთვის სრულიად გაუგებარია“.

ბასბი ამას დაბეჯითებით იმეორებდა. მან შექმნა თამაშის სტილი, რომელსაც „მარიაჟულიც“ შეიძლება ვუწოდოთ. რეკლამისა არ იყოს, ეს ნიშნავდა: „ისიამოვნეთ ფეხბურთით“. რომც წააგოთ, მაინც ისიამოვნეთ. მოხუცი სქოთის წასვლიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მისი თამაში დღესაც ცოცხალია. ახლა უკვე სხვა სქოთი, ცხვირწითელა ალექს ფერგიუსონი იგივეს აკეთებს 90-იან წლებში. ალექსიც სხვანაირ ბიჭებს ეძებს და იმეორებს, რომ მთავარი სიამოვნებაა.

როგორც ფეხბურთის ერთ ქომაგს, არაერთხელ მიცდია გულიდან ამომეღო „იუნაიტედი“, ვუყურებდი დღევანდელ ინგლისურ კლუბებს და შემცვლელს ვარჩევდი. ძველი სიყვარული – „ლივერპული“, „არსენალი“, ვარსკვლავთა „ჩელსი“ ან რაღა ინგლისის კლუბებს მიახტი? აგერ დიადი „იუვე“ და უმძლავრესი „რეალ მადრიდი“, აგერაც „ბარსა“ და „აიაქსი“, განა ამათ გვერდით „იუნაიტედი“ რამედ ღირს?

ქარი ყოველთვის მანჩესტერისკენ მაბრუნებდა. რატომ ვინ იცის?

მერე ერთი წუთით წარმოვიდგინე, რომ ფერგიუსონის ადგილი ფაბიო კაპელომ დაიჭირა. უჰ, რას დაიხუნძლებოდა იქაურობა თას-ტროფეებით? სულ გამარჯვებები და გამარჯვებები – ფაბიოს „ლონგ ბოლი“ და მომუშავე, სამსახურში დახარჯული ვარსკვლავები.

და თქვენ ხომ არ შეიშალეთ? „იუნაიტედი“ სადღა იქნებოდა იქ? იქნებოდა რაღაც დიდი და ნაცნობი, პანუჩი თასით ხელში, მაგრამ ეს არ იქნებოდა ის, რაც გაიძულებს, რომ ერთგული დარჩე.

ამიტომ, ასე მეგონა, ის ოთხი წელიწადი ღირდა ამ ერთ თამაშად, ოთხშაბათს რომ ჩატარდა. ერთგულება კი ასეა – ქარიც ეხმარება.

 

 

8.03.1997