კატალონიურ „სპორტთან” საუბარში „ბარსელონას” მთავარმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ გულწრფელად თქვა, რომ ერიკ აბიდალის ცნობილი ინტერვიუს მოსმენისას თავი თავდასხმის ობიექტად იგრძნო და ამიტომაც უპასუხა ფრანგ ვეტერანს, რომელიც „კამპ ნოუზე” დირექტორად მუშაობს. მართლაც, ამ ცოტა ხნის წინ, მსოფლიო პრესის ფურცლები და საიტები მოიარა აბიდალის ეჭვმა იმის თაობაზე, რომ ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის დროს ყველა ფეხბურთელი ბოლომდე არ იხარჯებოდა. მაშინ, მესიმ აბიდალს სოციალურ ქსელში უპასუხა, ახლა კი უფრო ღრმად შევიდა დეტალებში.

„არ ვიცი რას ფიქრობდა აბიდალი, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, მაგრამ მე პირადად თავი თავდასხმის ობიექტად ვიგრძენი. ჩემი აზრით ის ფეხბურთელებს გვიტევდა. არადა, ჩვენი გასახდელის შესახებ ისედაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ჰყვებიან, როგორ ვაკონტროლებთ კლუბში ყველაფერს, როგორ ვწყვეტთ ვინ დაინიშნოს მწვრთნელად და ვინ მოიხსნას. ასეთ რამეებს ყველაზე მეტად, მოთამაშეების ერთ ჯგუფს აბრალებენ, რომელთა შორის მე გამომარჩევენ. გეგონება იმხელა ძალაუფლებას ვფლობდე, რომ გადაწყვეტილებების მიღება შემეძლოს.

და როდესაც დავინახე, რომ მწვრთნელის მოხსნის შემდეგ კლუბის ერთ-ერთი დირექტორი ცეცხლის ხაზზე ფეხბურთელებს გვაგდებს, გავღიზიანდი. რაღაც სიგიჟე იყო. საფეხბურთო დირექტორი ხომ სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ვალდებულია თავისი საქმე აკეთოს. აი, ამიტომ ვცდილობ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა. დირექტორს ჩემზე ასეთი გალაშქრების ნებას არ მივცემ!

აბიდალს პასუხი იმიტომ გავეცი, რომ ის ფეხბურთელების წინააღმდეგ წავიდა. ამიტომაც ვამბობ, რომ თუ ვინმე ფეხბურთელების წინააღმდეგ აპირებს წასვლას, ჯერ კონკრეტული დამნაშავეები უნდა დაასახელოს და პრესაში მერე აკეთოს განცხადებები.

და, რასაკვირველია, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მივიღე, ვინაიდან უკვე ძალიან ბევრმა დამაბრალა, რომ „ბარსელონაში” ყველაფერს მე ვაკონტროლებ, რაც ტყუილია.

ასეთივე რაღაც ხდება არგენტინაში, სადაც ამბობენ, რომ ნაკრებისთვის ფეხბურთელებს მე ვარჩევ, მხოლოდ ძმაკაცების მხარდამხარ მინდა თამაში და მწვრთნელებსაც მე ვასახელებ.

მე ვიცი ეს ყველაფერი როგორ მუშაობს. შესაძლოა ყველაფერი იმის ბრალია, რომ აქაც და ნაკრებშიც ძალიან დიდი ხანია ვარ.

ვფიქრობ, უკვე არაერთხელ გამოჩნდა, რომ მე და კლუბს ყოველთვის და ყველა საკითხზე ერთი აზრი არ გვაქვს, მაგრამ ჩემებურად არასდროს გადაწყვეტილა”.