სეზონის პირველ დიდ ტურნირს ძიუდოში პარიზი მასპინძლობს. დიდი სლემის ტურნირი ფაქტობრივად უმაღლესი კატეგორიაა და სტატისტიკა იქით იყოს, პრესტიჟის საქმეცაა. ჩვენც ჯერ სტატისტიკა ვთქვათ:

60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა და ჯერჯერობით ამის ახსნას ვერ მივაგენით.

66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავდა. ბექა ციფიანი პირველ წრეში ინდოელ შაინ სინგჰთან იპონით დამარცხდა.

73-კილოგრამამდე კატეგორიაშიც მარცხიანი სტარტი მივიღეთ. თორნიკე გვიჩიანს თვით მასაში ებინუმა ერგო პირველ მეტოქედ და რა გასაკვირია, რომ იაპონელმა იპონით დაასრულა ბრძოლა.
ერთადერთ იმედად ამავე წონაში ალეკო მამიაშვილი გვრჩებოდა, ვინაც ჯერ მაროკოელი მეზიატი მიაიპონა, მერე კი ფრანგ ჩაინეს ვაზარით გაუსწორდა. სამწუხაროდ, ნახევარფინალის საგზური ალეკომ ყაზახ ჯენსაი სმაგულოვს დაანება დამატებით დროში.

ხვალ ტატამზე დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავლენ. უკეთესი შედეგის მოლოდინით ველოდებით კვირადღეს, მაგრამ კითხვები უკვე დღეს გვაქვს.
აკი თბილისის „გრან პრიზე“ მეორე შემადგენლობით ჩამოსვლა ჩვენი შეურაცხყოფააო?
პარიზის დიდი სლემი გასართობი ტურნირია?

ოლიმპიადა ჯერ არ ახსენოთ – მანამდე საუკუნეა და ლიკანის შეკრებაც მოესწრება.
60 კილოში ერთი ისეთი ბიჭიც არ გვყავს, პირველ წრეშივე წასაგებად მაინც რომ გავუშვათ?
გასაგებია, რომ თქვენ ძიუდოს ღმერთები ხართ, მაგრამ ხანდახან აგვიხსენით…დაგველაპარაკეთ…

ჩვენ მხოლოდ ქომაგები ვართ და გული გვტკივა, როცა უპრესტიჟულეს ტურნირზე ჩვენ ბიჭებს პანტაპუნტით ახეთქებენ ტატამზე.