კვირას, მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე ევროპის რაგბის 2020 წლის ჩემპიონატის საკვანძო მატჩია – ესპანეთის ნაკრები ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს.
ესპანეთი ძალიან იშვიათადაა სატურნირო ინტრიგის მონაწილე და წლეულს სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევაა.
ჯერ ერთი, სატურნირო ცხრილში ქართველების დარად 5 ქულა აქვთ, რადგან თუკი ბორჯღალოსნებმა „დინამო არენაზე“ ტრადიციულად უმთავრეს კონკურენტ რუმინელებს კუდით ქვა ასროლინეს და 41:13 დაამარცხეს, ესპანეთის ნაკრებმა ასევე ბონუსქულიანი მოგება სოჭში იზეიმა, სადაც 31:12 სძლია რუსებს, რომელთაც უპრეცედენტო დაფინანსება და თითქოსდა წინსვლა ჰქონდათ.
ამდენად, კვირას მადრიდში პირენეს იბერია კავკასიურ იბერიას მასპინძლობს და დიდი ალბათობით, საღამოს 6 საათისთვის 2020 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გამოვლინდება.
ქართულ-ესპანური დაპირისპირებების ისტორია 20 მატჩს ითვლის და აქ ქართველთა მხარეს დიდი უპირატესობაა – 16 გამარჯვება 3 მარცხის წილ, 1 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება შემადგენლობებს, სანტიაგო სანტოსმა თავისი „ლომები“ საფრანგეთსა და ინგლისში მოთამაშე რამდენიმე ლეგიონერით გააძლიერა და თუ იქაურ პრესას დავეყრდნობით, ქართველთა ძლევასა და ჩემპიონატის მოგებას სერიოზულად აპირებს. ჩვენს შემადგენლობაში კი მცირე ცვლილებებია. რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო გამოგვაკლდა, ხოლო კოტე მიქაუტაძეს ქალიშვილი ანასტასია შეეძინა და ამ სასიხარულო და ცხადია, საპატიო მიზეზის გამო გუნდს ვერც ის დაეხმარება.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, კვირას 15:45-ზე მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე წლევანდელი „მეორე ევროპული ექვსი ერის“ მთავარი მატჩია: ესპანეთი – საქართველო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
1.მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, კაპიტანი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), 12. თამაზ მჭედლიძე (რუანი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 14. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი).
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დავით გიგაური (კოლომიე), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 23. ლაშა ხმალაძე (ბათუმი).