ჰელსინკიში, ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში საქართველოს ქალთა საჩოგბურთო ნაკრები ასპარეზობას დაუმარცხებლად აგრძელებს და იმედია ტურნირის ბოლომდე ასე იქნება.

ჩვენებურთა მთავარი მიზანი პირველ დივიზიონში აღზევებაა, საამისოდ კი მათ პროგრამა მინიმუმი ორი ტურის შემდეგ უკვე შესრულებული ჰქონდათ, როდესაც ისრაელის და მოლდოვის  დამარცხებით ნახევარფინალის საგზური დაიბევეს. დამაკმაყოფილებელი სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ტუნისთან ჯგუფის დასკვით დაპირისპირებას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ნახევარფინალის ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით შეხვედრა ფსიქოლოგიური კუთხით ურიგო არ იქნებოდა.

საქართველოს ნაკრების მსგავსად, ტუნისიც თავს ორი მოგებით იწონებდა. თანაც აფრიკელებს ერთი უპირატესობაც ჰქონდათ – ონს ჟობერი, მსოფლიო რეიტინგის 45-ე ნომერია და არც ახლახანს დასრულებულ ავსტრალიის პირველობაზე შეურცხვენია თავი. ის კი არა, ჟობერმა მელბურნში თვით კაროლინ ვოზნიაცკისაც მოუგო და დანიელმა ლამაზმანმაც კარიერა სწორედ ამ მარცხის შემდეგ დაასრულა.

ტუნისელმა თავისი მატჩი  საქართველოს ნაკრებთანაც მოიგო, როდესაც ერთეულთა თანრიგის მეორე დაპირისპირებაში მარიამ ბოლქვაძეს 6:2, 6:2 აჯობა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ხახამშრალი დარჩა, რადგან წყვილთა თანრიგში მისი ყოფნა კალაშნიკოვა-გორგოძის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც – ქართველმა გოგონებმა ტუნისელებს საკმაოდ მარტივად – 6:3, 6:2 სძლიეს. პირველი ქულა კი საქართველოს ნაკრებს ეკატერინე გორგოძემ ჩირაზ ბეჰრის დამარცხებით – 6:1, 6:3  მოუტანა.

A ჯგუფისგან განსხვავებით, სადაც ორი ტურის შემდეგ ყველაფერი ნათელი იყო, B-ში ბრძოლა ბოლო წამამდე გაგრძელდა და ერთბაშად 3 გუნდს ჰქონდა ფლეი ოფში გასვლის შანსი. საბოლოოდ, დანიას, ფინეთს და ეგვიპტეს თანაბარი ორ-ორი მოგება დაუგროვათ, თუმცა ნახევარფინალის საგზური დანია-ფინეთს ერგოთ. ეგვიპტესთან მარცხის მიუხედავად პირველ ადგილზე მაინც დანია გავიდა, ფინეთმა კი ბეწვის ხიდზე გაიარა და ჯგუფში ჩარჩენას პორტუგალიის ძლევით დააღწია თავი.

ამრიგად, 7 თებერვალს, ფინალში გასასვლელად, რაც ავტომატურად პირველ დივიზიონში აღზევებას ნიშნავს, ნაკრების კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი გუნდს ფინეთთან სათამაშოდ დამოძღვრავს. ტურნირის მასპინძლებთან რომ ადვილი გასეირნება არ იქნება ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ტუნისმა და დანიამ შეადგინეს.