თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრები. პირველ დღეს, „სტუ-იმედმა” 44:27 დაამარცხა „სპორტის უნივერსიტეტი”, ხოლო „პეგასმა” 45:38 სძლია „გორს”.

სხვა სიტყვებით, პირველ დღეს გაიმარჯვეს გუნდებმა, რომლებიც ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და რომელთაც მეორე დღეს მეტოქეები გაცვალეს.

სენსაცია არც მეორე დღეს მომხდარა: „პეგასმა” 34:30 აჯობა „სპორტუნის”, ხოლო „სტუ-იმედმა” 46:30 მოუგო „გორს”. ამის მიუხედავად, ეს თამაშები გაცილებით დაძაბული გამოდგა, ვიდრე პირველი დღის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპორტის უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგობა „პეგასთან” შეხვედრაში. მატჩის პირველი ტაიმი 16:16 დასრულდა. მეტიც, 47-ე წუთზე „სპორტუნი” სამი ბურთითაც კი გავიდა წინ, მაგრამ „პეგასმა” ზედიზედ ოთხი გოლით უპასუხა და საბოლოოდ გაიმარჯვა.

მესამე დღეს კი აღმოსავლეთის ზონის ძლიერები ერთმანეთს შეხვდნენ: „სტუ-იმედმა” „პეგასს” 32:25 მოუგო.

„სპორტის უნივერსიტეტმა” 40:34 სძლია „გორს”.

„იმედისა” და „პეგასის” შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 13:13 დასრულდა, თუმცა შემდეგ „იმედმა” იძალა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში, ამ გუნდების პირველი მატჩი „პეგასის” გამარჯვებით დასრულდა 23:18.

3-5 თებერვალს მერვე, მეცხრე და მეათე ტურის შეხვედრებს ზესტაფონის სპორტის სასახლე უმასპინძლებს, სადაც საქმეში დასავლეთის ზონის ლიდერები, საქართველოს ჩემპიონი BSB და „ქუთაისი” ჩაერთვებიან.

სადღეისოდ კი 10 თამაშიდან 14 ქულით „სტუ-იმედი” და „პეგასი” ლიდერობენ. 7 თამაშიდან 12 ქულა აქვთ ქუთაისელებსა და ბათუმელებს.