სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ევრო 2020-ის ბოლოსწინა დღე გერმანიისა და პორტუგალიის მატჩით გაიხსნა. ეს იყო შეხვედრა 5-6 ადგილებისათვის, რომლის ბედიც უკანასკნელ წამს არა, მაგრამ ბოლო წუთებში გადაწყდა. გერმანიამ მოიგო 29:27 და საბოლოო რეიტინგში მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა. პორტუგალია მეექვსეა.
ორი წლის წინ წინ, ევრო 2018-ზე გერმანელები მეცხრეზე იყვნენ.
პორტუგალიისთვის მეექვსე ადგილი ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
გერმანიის ნაკრების მწვრთნელი კრისტიან პროკოპი: „ბედნიერები ვართ, ბოლო თამაში რომ მოვიგეთ. პორტუგალიის ძლიერ გუნდთან ჩვენი გამარჯვება მობილურმა დაცვამ განაპირობა. აგრეთვე კარგად გავართვით თავი სიტუაციებს, როდესაც მეტოქე შვიდი კაცით მოდიოდა ექვსის წინააღმდეგ. მეორე ტაიმში ვითამაშეთ მძლავრად, რასაც ძირითადად იულიუს კუნს უნდა ვუმადლოდეთ”.
გერმანელთა მარცხენა ინსაიდი იულიუს კუნი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მან ბურთი ექვსჯერ შეაგდო მეტოქის კარში, რომელთაგან ყველაზე ძლიერად ნასროლი მიზნისკენ 120 კმ/სთ სიჩქარით გაფრინდა.
მოგვიანებით კი გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ნორვეგიამ იოლად აჯობა სლოვენიას — 28:20, ხოლო მისმა გამთამაშებელმა სანდერ საგოსენმა ევროების რეკორდი დაამყარა. აქამდე, ერთ ტურნირზე ყველაზე მეტი გოლი მაკედონიელ კირილ ლაზაროვს ჰქონდა გატანილი. მან 2012 წელს 61-ჯერ შეაგდო. გუშინ, თამაშის დაწყებიდან 8 წუთისა და 40 წამის შემდეგ საგოსენმა პენალტი გაიტანა, რითაც ძველი რეკორდი მოხსნა, შემდეგ კი კიდევ 3 შეაგდო და ახალ რეკორდად 65 გოლი დათქვა.
საკუთრივ თამაში კი, როგორც ვთქვით, ნორვეგიელთა უპირატესობით წარიმართა; იმდენად, რომ კრისტიან ბერგის ბიჭებმა საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე სათადარიგოთა სკამზე თავს უკვე ზეიმის უფლებაც კი მისცეს.
„ჩვენ მთელი შეჯიბრების განმავლობაში უმაღლესი დონის ხელბურთს ვთამაშობდით. საბოლოოდ, მესამე ადგილზე გავედით. ვამაყობ ჩემი გუნდით!” — თქვა მატჩის შემდგომ ბერგმა.
ერთადერთი, რასაც ნორვეგიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე ვერ სძლია ხორვატების „სამამულო ომი” იყო. სხვა მხრივ კი, არ არის გამორიცხული, რომ ეს გუნდი ტურნირზე ყველას სჯობდა და იგივე შეჯიბრება თავიდან რომ ჩაატარონ, ჩემპიონი ნორვეგია გახდეს.
თუმცა, თავდადება სპორტის შემადგენელი ნაწილია და როდესაც მას მაღალი კლასიც უმაგრებს ზურგს, საწინააღმდეგო არგუმენტები ვეღარ ჭრის. ჩემპიონატები კი ერთხელ ტარდება!
დღეს, ევრო 2020-ის ფინალში ხორვატია მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს ხვდება.
ეს გუნდები მიმდინარე ტურნირის მთავარი ეტაპის ჯგუფში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. მათი მატჩი დასრულდა 22:22.