ესპანეთის სუპერთასის გათამაშების ახალმა ფორმატმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორც წესი, ტიტულს ორი გუნდი შინ და გასვლით სისტემით ათამაშებდა. ცვლილება საუდეთიდან მიღებულმა მაცდურმა წინადადებამ განაპირობა – ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია 4 წელიწადში გარანტირებულ 120 მილიონ ევროს მიიღებს, სუპერთასი კი 4 საუკეთესო გუნდს შორის ნახევარფინალებისა და ფინალის სისტემით გათამაშდება.

არაბთა მიერ ნაოცნებარი სუპერფინალი „რეალი“-„ბარსა“ არ შედგა. ქომაგებმა ამის ნაცვლად გასვლითი მადრიდული დერბი იხილეს. სამეფო კლუბმა პენალტებით იმარჯვა, ზიდანმა კი უკვე მე-9 ფინალი მოიგო. თუმცა, ამჯერად ეს არაა მთავარი.

მთავარი არც ესპანელ ქომაგთა უკმაყოფილებაა, რომლებმაც შორეულ არაბეთში მათთვის გამოყოფილი ბილეთების ქვოტიდან მხოლოდ 9 პროცენტი აითვისეს.

მთავარი არც ისაა, რომ ნახევარფინალში დამარცხებულმა „ბარსამ“ 6 მილიონი ევრო მიიღო, მისმა დამმარცხებელმა „ატლეტიკომ“ კი მხოლოდ 4. აქვე გეტყვით, რომ „რეალმა“ 12 მილიონი გამოიმუშავა, ყველაზე უკმაყოფილო „ვალენსია“ კი ოდენ 1,7 მილიონს გამორჩა.

მთავარი ისაა, რომ წლიდან წლამდე ფეხბურთი სულ უფრო შოუა, ვიდრე ფეხბურთი. ყველა საფეხბურთო ასოციაცია ცდილობს, ყველა შესაძლო ხერხით მიიზიდოს სპონსორები, უფრო ყურებადი გახადოს მის მიერ ორგანიზებული ტურნირი. ამ შემოსავლებზე ხომ არა მხოლოდ ფუნქციონერთა შრომის ანაზღაურება, ასოციაციათა მიერ დაფინანსებული პროექტების არსებობაცაა დამოკიდებული.

სად ესპანური სუპერთასი და სად ჩვენი საფეხბურთო მეურნეობა, რომელსაც „ზოლიანი ბანანებით“ „გაშოუებული“ ფინალებიც ახსოვს.

მთავარი სულაც არაა მასშტაბები. მთავარი კრეატივი და იმის შეგრძნებაა, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში პროდუქტია, რომელიც უნდა გაიყიდოს. ამის გარეშე ვერ იქნება ქომაგი. ქომაგის გარეშე ვერ იქნება სავსე ტრიბუნა. სავსე ტრიბუნის გარეშე ვერ იქნება ჯიგრიანი ფეხბურთი. ჯიგრიანი ფეხბურთის გარეშე ვერ იქნება ფული. ფულის გარეშე ვერ იქნება შოუ და ასე დაუსრულებლად.

ფეხბურთი ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, მისი პირველი მტერი კი მუქთა ფულია, რომელიც, რაც უნდა ლამაზი სახელი დაარქვა, აზარმაცებს ადამიანს.

სად ესპანეთის სუპერთასი და სად ეს ტირადა?! სად იმათი 120 მილიონი ევრო და სად ჩვენი გასაქანი?! ასეთი აზრები გულის დაწყვეტამ იცის. ხელის ჩაქნევამ კი არა – გულის დაწყვეტამ და იმედის გაცრუებამ.

ისე, ინფორმაციისთვის: უკრაინულმა „ოლექსანდრიამ“ შარშან ევროტურნირებში 4.1 მილიონი ევრო გამოიმუშავა… არადა, ალალად, ისიც არ ვიცოდი, რომელი ქალაქის გუნდია…