ის, რომ ქართველები მსოფლიო ჩოგბურთის ელიტასთან ერთად ATP-ის თასის პირველ გათამაშებაში მონაწილეობენ, უკვე დიდი წარმატებაა, მაგრამ ჩვენი ბიჭები ოლიმპიური დევიზით არ კმაყოფილდებიან და ისტორიის ახალ ფურცელს წერენ.
მეორე წრეში იაპონელებთან წყვილებში მოგებამ მორალური კმაყოფილება კი მოგვგვარა, მაგრამ გუნდურ გამარჯვებას სულ სხვა ფასი აქვს.
დღეს კი საქართველოს მეტოქე ურუგვაი გახლდათ. ნიკოლოზ ბასილაშვილის პირისპირ 34 წლის ვეტერანი პაბლო კუევასი იდგა. ურუგვაელი ახლაც ტოპ-50-ის წევრია, ჯეელობაში კი 8 ტიტული მოუგია და ოცეულშიც მიღებული კაცი იყო. ნიკამ თავის სტილში ითამაშა: პირველი სეტი მოიგო, მეორეში თითქოს შეისვენა და მერე აუღელვებლად მიიყვანა საქმე ბოლომდე – 6:4, 1:6, 6:4.
ალექსანდრე მეტრეველის გამარჯვება ადვილად პროგნოზირებადი იყო. მის წინააღმდეგ ურუგვაელებმა 19 წლის ფრანჩესკო რონკატელი დააყენეს, რომელიც ATP-ის რეიტინგში საერთოდ არ იძებნება. მეტრეველის 6:2, 6:1 გამარჯვებამ ჩვენებს გუნდური მოგება მოუტანა და წყვილთა დაპირისპირება ფორმალობად აქცია.
ბეჰარი-კუევასის დუეტთან ბაკშის და მეტრეველს თავი დიდად არ გამოუდია – 2:6, 2:6.
ამ ეტაპზე ეს ალბათ ჩვენების მაქსიმალური შედეგი იყო და უფრო მეტი მერე იყოს. ავსტრალიურ ბატალიებს კი ბუნებრივია ბოლომდე გავაშუქებთ და ავსტრალიის ღია პირველობასაც ტონუსში შევხვდებით.