ოდესღაც, როდ სტიუარტმა და „როლინგების“ რონ ვუდმა ერთად დაწერეს სიმღერა: Every Picture Tells a Story. და მართლა ასეა, ყველა ფოტო რაღაც ამბავს გვიყვება. იყო და არა იყო რა…

ინგლისური „დეილი მეილის“ ავტორმა, მაიკლ უოქერმა კი როკმენების სიტყვებს ლამაზად დასძინა, ფოტო კი არა, ნებისმიერი სურათის პატარა ფრაგმენტიც რაღაცას გვეუბნება, უფრო დიდი ამბის მოყოლას ცდილობს; ისეთის, რომელიც იმ ფრაგმენტზე სულაც არ ჩანსო.

და უოქერმა 1985 წელი გაიხსენა. ზაფხული. ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრების ტურნე მექსიკაში. ბობი რობსონმა გუნდი საგანგებოდ ჩაიყვანა იქ, სადაც ერთი წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გამართულიყო. ფეხბურთელები მექსიკის ჰავას, სიცხეს, ტენიანობას, ერთი სიტყვით კლიმატსა და გარემოს უნდა გაცნობოდნენ.

კრიკეტი ითამაშეს, დაისვენეს..

ახალჩასულებმა გაიარ-გამოიარეს, კრიკეტი ითამაშეს. შემდეგ დღეებში უკვე დატვირთვა ელოდათ — ამხანაგურები იტალიასთან, მასპინძლებთან, გფრ-სთან. გფრ ქვეყანა იყო ასეთი — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. მაშინ საბჭოთა კავშირის გამო გერმანია ორად იყო გაყოფილი. საბჭოთა კავშირიც ქვეყანა იყო ასეთი…

წარმოიდგინეთ პირველი დღე. ნამგზავრი ფეხბურთელები ისვენებენ, დღე და ღამე ჯერ არეული აქვთ, მეხიკოს სასტუმროში დაყიალებენ და ელოდებიან რეპორტაჟს ბრიუსელიდან: ჩემპიონთა თასის ფინალია, „ლივერპული“ — „იუვენტუსი“.

აწგარდაცვლილი ბობი რობსონი იხსენებდა: „მდიდრულ სასტუმროში ვიყავით. კარგად მოვეწყეთ და შეხვედრის დაწყებას ველოდით, მაგრამ ეკრანზე ძვრა არ იყო. არანაირი განმარტება. როგორც იქნა, საათნახევრის შემდეგ, ტელევიზორში ფეხბურთელები გამოჩნდნენ.

შემდეგ, გამოჟონა ცნობებმა, რომ ფანებს შორის შეტაკება მოხდა, მაგრამ დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რიცხვის არ გვჯეროდა. გადაჭარბება გვეგონა. ბიჭებმა სახლებში დაიწყეს რეკვა…“

ეიზელი…

 

თუ ვინმეს არ გაუგია ან არ ახსოვს: 1985 წლის 29 მაისს, ბრიუსელის სტადიონზე, რომელსაც მაშინ „ეიზელი“ ერქვა, რეკონსტრუქციის შემდეგ კი „მეფე ბოდუინი“ დაარქვეს, „ლივერპულის“ ფანებმა „იუვენტუსის“ ფანებს ჩხუბი დაუწყეს; ტრიბუნა ჩაინგრა; დაიღუპა 39 ადამიანი; ინგლისური კლუბები ევროთასებიდან ხუთი წლით გააძევეს.

წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა ბობი რობსონი? მისი გუნდი მექსიკაშია და იტალიელებს(!) უნდა ეთამაშოს.

დაიწყეს ლაპარაკი ტურნეს გაუქმების შესახებ. იყო მოწოდებები: გაყარეთ ინგლისელები მექსიკიდან!

ვიღაცისთვის ალბათ გასაკვირია: რობსონი ამბობდა, რომ მას კარგად ესმოდა იმ ხალხის, ვინც ამას მოითხოვდა. ბობი რობსონი პატრიოტი იყო, მაგრამ უნამუსო არასდროს ყოფილა. ის პიროვნება იყო! ის ყოველთვის იბრძოდა ინგლისის ნაკრებს მიტმასნილი ეგრეთწოდებული ეროვნული ფრონტის წინააღმდეგ.

ნაძირლები! — ამბობდა ის.

მაგრამ, ამხანაგური შეხვედრა ინგლისსა და იტალიას შორის, მაშინ როდესაც 39 დაღუპულიდან 32 იტალიელია…

დანარჩენები იყვნენ ბელგიელები, ფრანგები და ირლანდიელები.

თუმცა, მედალს მეორე მხარეც აღმოაჩნდა: რობსონს შეეშინდა, რომ მატჩის გადადება ინგლისისა და იტალიის დაპირისპირებას დაემსგავსებოდა. აქ, ხომ კლუბებზე კი არა, ეროვნულ ნაკრებებზე იყო ლაპარაკი. ჯობს შეხვედრა მაინც ჩატარდეს, — ფიქრობდა ის.

რობსონი: „საბედნიეროდ, იტალიელების მწვრთნელი, ენცო ბეარზოტიც ამ აზრზე იყო“.

ყოფილი ფეხბურთელი დეივ უოტსონი: „ჩვენ და იტალიელმა ფეხბურთელებმა დაღუპულებს ერთად გადავუხადეთ წირვა. ამ წირვამ ყველაფერი შეცვალა“.

იმხანად 23 წლის უოტსონი “ნორვიჩ სიტიში“ ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობდა; ნაკრების სამ შეხვედრაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. „ნორვიჩამდე“ ის „ლივერპულში“ გამოდიოდა; წარმოშობით ლივერპულელი იყო.

„ფეხბურთის სანახავად წახვიდე და მოკვდე? ასეთი რაღაც დაუშვებელია!“

„ეიზელის“ ტრაგედიიდან ერთ კვირაში, მეხიკოში, „აცტეკაზე“ ინგლისის ნაკრები „სკუადრა აძურას“ შეხვდა. 100 ათასიან სტადიონზე თამაშს 8 ათასი მაყურებელი დაესწრო. იტალიამ 2:1 მოიგო.

ინგლისის ნაკრების ამ შემადგენლობიდან სამმა შემდეგ სერია A-ში ითამაშა: მარკ ჰეიტლიმ, რეი უილკინსმა და ტრევორ ფრენსისმა.