„არსენალის” ფანები გრანიტ ჯაკაზე ისედაც აჯაგრულები იყვნენ და როდესაც „აინტრახტთან” თამაშის შემდეგ დაინახეს, რომ შვეიცარიელი გერმანული გუნდის ფეხბურთელებს უცინის და ეხვევა, მთლად გადაირივნენ.
მოგეხსენებათ, ჯაკას ბოლო ერთი თვეა „მეთოფეთა” შემადგენლობაში არ უთამაშია. ბოლო მატჩი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, სწორედ „კრისტალ პალასთან” შეხვედრა გახლდათ, როდესაც ფეხბურთელმა თავის ფანებს შეუკურთხა. ამას წინ გულშემატკივრის მხრიდან ლანძღვა-გინება უსწრებდა.
მაშინდელი ინციდენტის გამო ჯაკას „არსენალის” კაპიტნობა ჩამოერთვა.
მას მერე, ფეხბურთელსა და ქომაგებს შორის ურთიერთობა თითქოს საბოლოოდ გაფუჭდა, მაგრამ „აინტრახტთან” შეხვედრის წინ, როდესაც სტადიონზე შვეიცარიელის გვარი გამოაცხადეს, ტრიბუნებმა მის მიმართ კეთილგანწყობა გამოხატა.
შემდეგ, როდესაც თამაშის მსვლელობის დროს ჯაკა დაშავდა, მაგრამ ნამკურნალები წამოდგა და თამაში განაგრძო, მას კვლავ ტაში დაუკრეს.
თუმცა თამაშის დამთავრების შემდეგ საქმე გაფუჭდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც საფინალო სასტვენის შემდეგ ხალხმა დაინახა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, თუმცა ისიც სათქმელია, „მეთოფეებს” ამ დღეს 1:2 რომ არ წაეგოთ ექნებოდა თუ არა მაყურებელს ასეთი რეაქცია.
მაინც ვის მიესალმა გრანიტ ჯაკა ასე გულთბილად? ვინც გინდა ყოფილიყო, ადვილი მისახვედრია, რომ მას ეს „არსენალის” ფანების გასაბრაზებლად არ გაუკეთებია — ჯაკა თანამემამულესა და ნაკრებში თანაგუნდელს გელსონ ფერნანდესსა და „ბაზელის” დროინდელ მეგობარს, არგენტინელ დავიდ აბრაჰამს გადაეხვია.
არადა, სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ატყდა:
„ჯაკა იცინოდა. გააგდეთ ის იანვარში!”
„რაც შეიძლება სწრაფად გაეთრიე ჩემი კლუბიდან!”
იყო სხვა კომენტარებიც.
ჯაკას კრიტიკისგან არც ძველმა არსენალელებმა შეიკავეს თავი.
როგორც ჩანს, სიცილი თუ სიცილს მიახლოვებული ღიმილი, მეტისმეტი იყო.