მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელობიდან მისი მოხსნის შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა. მოგეხსენებათ, ჩრდილოლონდონურ კლუბში ხუთწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ არგენტინელი გაათავისუფლეს, ხოლო საქმე ჟოზე მოურინიუს გადაბარეს.
მოულოდნელი მოხსნის ეფექტით დაზაფრულმა პოჩეტინომ ფეხბურთელებთან პირად დამშვიდობებაზე უარი თქვა, როგორც იტყვიან ქუდი დაიხურა და პირდაპირ გავიდა ოფისიდან, ახლა კი განცხადება გამოაქვეყნა.
„ესპანიოლის”, „საუთჰემპტონის” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილმა თავკაცმა დაწერა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ჯო ლუისსა და დენიელ ლევის, რომელთაც მომცეს საშუალება „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავი. მინდა აგრეთვე მადლობა შევუთვალო ყველას, ვინც ამ ხუთწელიწადნახევრის განმავლობაში კლუბთან იყო დაკავშირებული: სტაფის წევრებსა თუ ფეხბურთელებს. განსაკუთრებული მადლობა ფანებს, რომელთა მხარდაჭერის წყალობით „სფურზი” ფანტასტიკური კლუბია.
მე ყველა ღონე ვიხმარე, რათა მიმეღწია იმ მიზნებისთვის, რომლებიც პირველ შეხვედრაზევე დავისახეთ. ამ დროის განმავლობაში ჩვენს წინაშე იდგა ისეთი რთული ამოცანებიც, როგორიც მოპოვებული წარმატების შენარჩუნებაა.
„ტოტენჰემ ჰოთსპურს” ვუსურვებ წარმატებას. მწამს, ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთება”.
მაურისიო პოჩეტინოს შესახებ უკვე დაირხა ხმები. დაიწყეს ლაპარაკი მისი ახალი სამსახურის შესახებ. ბოლოხანებში, ინგლისში „არსენალიდან” უნაი ემერისა და „მანჩესტერ იუნაიტედიდან” ოლე გუნარ სულშერის გაშვების თემაა აქტუალური. შესაბამისად, მყისვე ალაპარაკდნენ არგენტინელის „მეთოფეთა” ან მანკუნიანელთა თავკაცად დანიშვნის შესახებ.
აქა-იქ ითქვა მისი მიუნხენის „ბაიერნში” შესაძლო დანიშვნის შესახებაც, მაგრამ ინგლისელი ვეტერანი და ექსპერტი ჯეიმი კარაგერი ამბობს, რომ ყველაზე მოსალოდნოლელი მისი „ოლდ ტრეფორდზე” მისვლაა.