წამით გაირინდება სტადიონი… გულშემატკივარი განაბული ელოდება რაღაც გამოუცნობს, ორიგინალურს, თანაგუნდელებიც მაშინალურად მეტოქის კარისკენ გარბიან, ვერ კი ხვდებიან რას მოიმოქმედებს მათი მეგობარი და მკვდარ სიჩუმეს მხოლოდ მოწინააღმდეგის მეკარის არაადამიანური შეძახილი კვეთს — დერჟიტე სიომუ…
სიომა, ვლადიმერ ბარქაია… კაცი, რომლის გახსენებაზეც ფიქრიანი ღიმილი ეფინება სახეზე ნებისმიერ გულშემატკივარს — ოო, სიომა? ეშმაკი იყო, საოცრად ეშმაკი.
ფეხბურთი მშვენიერი თამაშია. იგი ზღვა სიხარულს იძლევა. ფეხბურთელები, მითუმეტეს ცნობილი ფეხბურთელები, მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. მათზე ბევრს ლაპარაკობენ, ბევრს წერენ, თავისებურად აფასებენ. ზოგჯერ კრიტიკულადაც. საათების განმავლობაში შეუძლიათ ამტკიცონ რაიმე მათი ნაკლის თუ ღირსების შესახებ. ალბათ, არც ბარქაიაა გამონაკლისი, მაგრამ მასზე მოსაუბრეს ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად მოეფინება ფიქრიანი ღიმილი — სიომა? ეშმაკი იყო.
მოედანზე „ეშმაკი“ რომ იყო, უნდა აზროვნებდე. ესეც ერთგვარი უპირატესობაა, ერთგვარი ტაქტიკური უპირატესობა. მოაზროვნე ფეხბურთელს განა მხოლოდ დროული პასი ანაც ლამაზი ფინტების თავის დროზე ჩვენება ევალება, მან თამაშიც უნდა მართოს, ზოგჯერ უბურთოდ უნდა შეძლოს დააბნიოს, მოატყუოს, გატეხოს მოწინააღმდეგე და ეს არასდროს უნდა „გადაეზარდოს“ იაფფასიან არტისტობაში, სიმულაციაში. თუ ასე მოხდა, „ეშმაკი“ ფეხბურთელი ნაცვლად ტაშისა და სიყვარულისა, სტვენას და დაცინვას მოიმკის.
ვლადიმერ ბარქაიას შეეძლო უბურთოდაც, ცალკეულ ეპიზოდებშიც მოეგო მატჩი. თანაც ისე, რომ ამას ვერავინ ხედავდა მისი უშუალო მოწინააღმდეგის გარდა — ვერც მსაჯი, ვერც თანაგუნდელი, ვერც გულშემატკივარი. ეტყოდა თავის სათქმელს მეტოქე მცველს, გააკეთებდა გასაკეთებელს და თითქოს არაფერიაო, უცოდველად, ალალად შესცქეროდა ყველას. წაახდენდა მეტოქეს და აქაოდა არაფერი მომხდარაო, ძველებურად, მისებურად, ჯადოქრულად დაიურვებდა ბურთს. ამადაც უყვარდა ხალხს სიომა ბარქაია.
სიომამ ბურთი პირველად მშობლიურ გაგრაში გააგორა. ოღონდ როდის, ამას ვერასდროს გეტყოდათ. ბურთის თამაში ბარქაიამ დაიწყო მაშინ, როცა აიდგა ფეხი, ისწავლა ცურვა და ლაპარაკი. დიახ, მაშინ ასეთი დრო იყო, ფეხბურთს ქუჩაში სწავლობდნენ და გვარიანადაც სწავლობდნენ ქართველი „მალანდროები“. სიომაც ქართველი „მალანდრო“ იყო.
ბარქაია ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნებოდა. მას არ შეეძლო ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში განუწყვეტელი სირბილი. ვერც მხრით თუ ჯანით დაჩაგრავდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ მას ტექნიკა გააჩნდა, ბურთის ჯადოქრული ფლობა ძალუძდა და ამითაც იოლას გადიოდა „ტანკებთან“ ჭიდილში. სავალალო ის იყო, მაშინაც „მორბენალი მანქანები“ რომ ერჩიათ ტექნიკური მანერის ფეხბურთელებს. მართალია, ვერ ირბენდა სხვებივით სიომა ოთხმოცდაათ წუთს, მაგრამ თავის საკეთებელს იმ ტაიმნახევარშიც აკეთებდა, სათქმელსაც ამბობდა და გულშემატკივარსაც არაერთხელ გამოსტყუებდა ტაშს.
ალბათ, ამ ფიზიკური სისუსტის გამო თუ იყო, ორად ორი თამაში რომ ითამაშა სიომამ სსრკ ნაკრებში, ორი გოლიც გაიტანა და… ამით მორჩა ყველაფერი. ამით დასრულდა მისი კარიერა ქვეყნის პირველ გუნდში.
„საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდში მოხვედრა ყოველი ფეხბურთელის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენაა. დიდი იყო ჩემი სიხარულიც, როცა ნაკრების ხელმძღვანელობამ 1965 წელს გუნდში მიმიწვია. სხვათა შორის, ნაკრებში ორი მატჩი ვითამაშე — დანიასთან და ბრაზილიასთან. დებიუტი უფრო ძნელი გამოდგა, ვიდრე მომდევნო თამაში ფეხბურთის ჯადოქრებთან. დანიელებთან თამაშის დროს პირველ ტაიმში ისე შებორკილი ვიყავი, როგორც ჩემი საფეხბურთო კარიერის დასაწყისში. თუმცა დანიელები არ იყვნენ რთული მეტოქეები, იგრძნობოდა, რომ ეს მაინც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გახლდათ და ამიტომ დასაწყისში აღელვება მეპატიებოდა. მეორე ტაიმში თავისუფლად დავიწყე თამაში და ორი გოლიც გავიტანე“.
ეს შებორკვა, ფსიქოლოგიური სისუსტე ყოველთვის ახლდა ვლადიმერ ბარქაიას საფეხბურთო კარიერას. ასე იყო აფხაზეთში, როცა თოთხმეტი წლის ბარქაიამ პირველად ითამაშა გაგრის ნაკრებში. ასე იყო თბილისის „დინამოშიც“, როცა სიომას ვარჯიში და თამაში მისთვის ყველაზე სათაყვანებელ ბასასთან უხდებოდა და სსრკ ნაკრებში დებიუტისასაც ასე იყო.
ფეხბურთს უყვარს დრამა, ურთულესი კოლიზიები. ფეხბურთელი, რაოდენ ბევრიც უნდა ენახოს და განეცადოს, ვერასოდეს შეიძენს ეგრეთ წოდებულ იმუნიტეტს მარცხის მიმართ. სიომაც ასეთი იყო, მას არასდროს შეეძლო შეგუებოდა წაგებას, იგი გამარჯვებული გახლდათ ბუნებით და იყო მის კარიერაში სამი-ოთხი შეხვედრა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერად საშინლად რომ გამოფიტა ფეხბურთელი, ერთმა მათგანმა კი საერთოდაც ჩააქნევინა ხელი ფეხბურთზე. მკითხველისთვის საინტერესო იქნება ამ მატჩების დაკონკრეტება — პირველი იმედგაცრუება თექვსმეტი წლისამ იგემა ბარქაიამ, როცა გაგრის ნაკრებმა პირველ ლიგაში გადასასვლელი შეხვედრა წააგო ლანჩხუთის „გურიასთან“. მეორედ 1960 წელს გაწბილდა ბარქაია, როცა მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე წააგო თბილისის „დინამომ“ ლამის მოგებული სათასო შეხვედრა მოსკოველ ტორპედოელებთან. მესამე კი… მესამე ბრაზილიელ ჯადოქრებთან თამაში იყო — მეორე და უკანასკნელი თამაში ვლადიმერ ბარქაიას კარიერაში. არ ვიცით, რამდენად შეეფერება სიმართლეს, მაგრამ ხმა გავრცელდა, თითქოს ამ მატჩის შემდეგ ეთქვას დანანებით სიომას — მე მეგონა ფეხბურთს ვთამაშობდიო.
„ბრაზილიელებთან მატჩის წინ მშვენივრად ვგრძნობდი თავს. არ მეგონა თუ ეს გუნდი მართლა ისეთი ძლიერი იყო, როგორ რეკლამასაც უწევდნენ. არც პელე მეგონა ასეთი ძალის მოთამაშე… მე არ გიამბობთ მატჩის პერიპეტიებს, რაც უჩემოდაც კარგად იცით. მთავარი ისაა, პელე ნამდვილად იმსახურებდა ყოველნაირ კომპლიმენტს. ამას ვამბობ უშიალო, ცოცხალი შთაბეჭდილების მიხედვით. რაც უნდა იყოს, ფეხბურთელი მინდორზე უკეთ გრძნობს წმინდა საფეხბურთო ნიუანსებს, ვიდრე ტრიბუნაზე მჯდომი მაყურებელი. დამამახსოვრდა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც: პელე ხანდახან რაღაცას გაჰყვიროდა პარტნიორების გასაგონად. ხორხიდან საყვირის მსგავსი ხმა ამოსდიოდა. ეს ისეთი მძლავრი შეძახილი იყო, ისეთი… ბრაზილიელებთან მატჩზე მეტს არაფერს ვიტყვი, ისე კი დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე გერსონმა და ორლანდომაც“.
მე მეგონა ფეხბურთს ვთამაშობდიო, თქვა სიომამ და ცოტა ხანში დატოვა კიდეც მწვანე მინდორი.
„ვგრძნობდი, რომ თამაში კიდევ შემეძლო, მაგრამ წინანდელი ხალისი, წინანდელი ენთუზიაზმი და მონდომება აღარ მქონდა. ერთიცაა — ყველა სპორტსმენმა, ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, როდის წავიდეს სარბიელიდან“.
და წავიდა სიომა ბარქაია ფეხბურთიდან, წავიდა ძალიან ადრე, წავიდა ოცდარვა წლის ასაკში. მას ჯერაც შეეძლო, მეტი შეეძლო, მაგრამ თქვა და არ გადათქვა და ესეც ხომ ვაჟკაცობაა — თქმა და არგადათქმა.
საერთოდ, გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელებს ახასიათებთ ასეთი რამ — ისინი იმ დროს მიდიოდნენ ფეხბურთიდან, ჯერაც რომ შეეძლოთ ბურთის თამაში და არანაკლებ ძლიერადაც, ვიდრე ადრე, მაგრამ მაინც მიდიოდნენ. ასე წავიდა ასათიანი, ასე წავიდა ბარქაია, ასე წავიდა ყიფიანი, კოსტავა, შენგელია და სხვანი მრავალნი. ეტყობა, ესეც ქართული ფსიქიკის ერთ-ერთი თავისებურებაა, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ რახან ფეხბურთელები თვლიდნენ, რომ „დინამოში“ უკვე ამოწურეს თავიანთი ფუნქცია და შასაძლებლობანი, ბუცებს ლურსმანზე კიდებდნენ და მიდიოდნენ. კი, იყო ტრავმები, იყო კონფლიქტებიც, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ხალისის, ენთუზიაზმის, მონდომების დაკარგვა იყო — როგორც სიომამ აღნიშნა ფეხბურთიდან წასვლის მერე.
ხალისი, მონდომება, ენთუზიაზმი კი სიახლემ, ახალმა, განსხვავებულმა მიზნებმა და სიმაღლეებმა უნდა დაუბრუნოს ფეხბურთელს. იმ დროისთვის ერთი რამეღა იყო განსხვავებული — სსრკ ნაკრები და მასშიც სხვები — უფრო „მორბენალები და ტანკები“ გამოდიოდნენ.
ჰოდა, ბარქაიამაც ორი მატჩი ითამაშა სსრკ ნაკრებში, ორი გოლი გაიტანა და… ამით დამთავრდა ყველაფერი.
მერე კი — მეგონა ფეხბურთს ვთამაშობდიო — თქვა. ეს თქვა და მიატოვა ფეხბურთის თამაში. მიატოვა ოცდარვა წლის ასაკში — მაშინ, როცა ბევრი იწყებს „ნამდვილ თამაშს“.
მან კი თქვა და არ გადათქვა.
თუმცა, ესეც ხომ ვაჟკაცობაა — თქმა და არგადათქმა.
1998 წლის 17 სექტემბერი