„ტოტენჰემ ჰოთსპურს” მერვედფინალში გასვლაში „აუტჩიკი” დაეხმარა. „დეზების” ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ სწრაფად მოაზროვნე ყმაწვილკაცს ხელი ხელს დაუკრა და გადაეხვია. ბიჭმა ჰარი კეინის პირველი (ანუ „ტოტენჰემის” მეორე) გოლის წინ მყისიერად შეაფასა მდგომარეობა და ჩრდილო ლონდონელებს „ოლიმპიაკოსთან” შეტევის ტემპი არ დააკარგინა.

მიმტანი ხაზს მიღმა გადავარდნილ ბურთს ელვის სისწრაფით მივარდა, რათა ის სერჟ ორიესთვის მიეწოდებინა. ორიემ „აუტჩიკის” ტემპი არ დაკარგა, ბურთი ლუკას მოურას გადაუგდო, მოურამ კი კეინს გადააწოდა, რომელმაც გოლი შეაგდო.

ასე გათანაბრდა ანგარიში. არადა, მე-19 წუთზე „სფურზი” 0:2-ს აგებდა. პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთზე დელე ალიმ შეამცირე სხვაობა. შესვენების შემდეგ ის გოლი გავიდა, რომლითაც ჩვენი მოკლე ცნობის წერა დავიწყეთ, რასაც ორიესა და კეინის კიდევ ორი გოლი მოჰყვა. საბოლოოდ, „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” 4:2 მოიგო.

საგულისხმოა, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კეინი გახდა ის ფეხბურთელი, რომელმაც 20 გოლი ყველაზე მალე, სულ რაღაც 24 შეხვედრაში გაიტანა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონსა და ერთად აღებულ ყველა შეჯიბრებას, აქ კეინის შედეგი 23 შეხვედრაში გატანილი 23 გოლია.

მატჩის შემდეგ კეინმა თქვა: „გოლების გატანა ყოველთვის კარგია, მაგრამ დღეს გოლს ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საქმე მერვედფინალში გასვლა-არგასვლას ეხებოდა. თამაში ცუდად დავიწყეთ, ენერგია გვაკლდა და გავუშვით კიდეც ორი გოლი. ძნელი თამაში იყო, მაგრამ დელე ალის გოლმა ჩარხი ჩვენს სასიკეთოდ დაატრიალა”.

რაც შეეხება ბურთის მიმწოდებელს, მოურინიუს თამაშის შემდეგ მისი გასახდელში შეყვანა უნდოდა, მაგრამ… ბიჭი ვეღარ იპოვნეს.