ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სეზონის ბოლოს კარიერას ამთავრებს. ტრიბუნებზე, ალბათ, იქნება გულშემატკივართა ოვაციები, მისი გამოსახულებით პლაკატები და მადლიერების გამომხატველი სიტყვები, დიდი ემოციური ფონი, ბევრი ცრემლი და სტადიონის გარშემო საპატიო წრე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ტრადიციულად გაცილების ცერემონიალის თანმხლებია.

დავიდ ვილია კარიერას ასრულებს. 37 წლის ვეტერანმა, თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე, არა მხოლოდ ესპანეთის, ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში მართლაც რომ შთამბეჭდაბი კვალი დატოვა. მის პროფესიონალიზმზე, საშემსრულებლო ოსტატობაზე და შესანიშნავ ფეხბურთელობაზე ისიც ნათლად მეტყველებს, რომ ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 98 მატჩში 59 გოლი გაიტანა.

საკლუბო მიღწევასაც ვერავინ დაუწუნებს. ვილიამ სახელი ვალენსიაში თამაშით გაითქვა, საიდანაც თავი ბარსელონაში ამოყო და კატალინიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, აღარაფერს ვამბობთ ესპანეთის ჩემპიონობაზე, სამეფო თასზე, ქვეყნის და უეფას სუპერთასებზე. ამ ჯილდოებთან ერთად, მის მდიდარ კოლექციაში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალიც ინახება.

დიდი ფეხბურთისკენ გზა კი „ხიხონის“ დაიწყო, შემდეგ იყო „სარაგოსა“, უკვე ნახსენები „ვალენსია“ და „ბარსელონა“, მოგვიანებით „ატლეტიკო“, ბოლოსკენ კი ევროპაში ბურთაობას შეეშვა და ოკეანისგაღმა „ნიუ იორკ სიტიში“ გადაბარგდა, მწვანე კონტინენტზე „მელბურნ სიტიში“ თამაშსაც გაუსინჯა გემო, ხოლო ბოლო ნავსაყუდელი იაპონური „ვინსენ კობე“ გახლდათ, სადავ ვილია დაასრულებს კიდეც ფეხბურთელის კარიერას.

„19 წლიანი ზღაპარი სრულდება. მივიღე გადაწყვეტილება, ამ სეზონის მიწურულს პროფესიონალურ დონეზე თამაში დავამთავრო. მადლობა ყველა გუნდს, მწვრთნელს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობდი. ფეხბურთმა ბავშვობის ოცნებები ამისრულა და რიგ შემთხვევებში იმედგაცრუებების კვალდაკვალ გაცილებით დიდი სიხარული მომანიჭა. მადლობა ჩემს ოჯახს, რომლის თანადგომის გარეშეც ამდენს ვერ მივაღწევდი,“ – დაწერა დავიდ ვილიამ სოციალურ ქსელში.

დავიდ ვილია, ესპანეთის ოქროს გუნდის გამორჩეული წევრი იყო, რომელიც 2008 და 2010 წლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.